დრაკონის ინტრონიზაცია

დრაკონის ინტრონიზაცია

dragon-statueძველჩინური მითოსურ-ფილოსოფიური კოსმოლოგია

,,აღმოსავლური დრაკონი არ გვევლინება საზარელ მონსტრად,რაც შუასაუკუნეების წარმოდგენების ნაყოფია. აღმოსავლური დრაკონი გვევლინება სიკეთისა და ძლიერების გენიად. დრაკონი, ეს არის ცვლილებების სული და ამიტომ სული თავად სიცოცხლისა. ის იმალება მიუწვდომელი მთების გამოქვაბულებში, ან ეშვება ზღვის მიუწვდომელ სივრცეებში, სადაც ელოდება გაღვიძებისა და მოქმედების დროს. მისი ხმა ისმის ქარიშხლებში,

რომლებიც დაძრწიან დასუსტებულ ტყეებში და აღვიძებენ ტყეებს ახალი გაზაფხულისთვის...“

 

შოუ ვენი, II საუკუნე

   სწორედ იმ ეპოქაში, როცა საბერძნეთში ჰესიოდეს ,,თეოგონია“, ჰომეროსის ,,ილიადა“ და ,,ოდისეა“ იწერებოდა, ჩინეთში შეიქმნა ,,იძინა“ - ერთ-ერთი ძირითადი ტექსტი იმ კანონიკურ ტექსტებს შორის, რომელთაც ძველი ჩინელი ყოვლადბრძენნი ქმნიდნენ და რომელთაც არსებითად განსაზღვრეს ძველჩინური აზროვნებისა და ცნობიერების ფორმა. ჩინური ტრადიციული აზროვნების სათავეებთან სწორედ ამგვარი ,,სიბრძნის წიგნები“ დგანან და არა მითები. და მართლაც, ძველჩინელებს რატომ უნდა მიემართათ მითებისთვის, თუკი მათივე ისტორიის წიაღში რეალურად არსებულმა მრავალმა ,,ყოვლადბრძენმა“ მშვენივრად უწყოდა ყოფიერების კანონები, რომელთაც კანონიკურ წიგნებში (,,ძინ“)ათავსებდა და საზოგადოებამდე მიჰქონდა. თავისთავად ცხადია, ამანაც განსაზღვრა ჩინური მითების ტოტალური ევგემერიზაცია და ჩინური ფილოსოფიისა და თეოლოგიის თავისებური, ევროპული კულტურისგან სრულიად სხვაგვარი განვითარება. ჩინეთში იმთავითვე სამყაროს მოდელის, კოსმოლოგიური სურათის, ყოფიერების სისტემის სრულიად განსხვავებული გააზრება ჩამოყალიბდა.

   ჩინური ფილოსოფიური ინდივიდუალიზმი და მითოსური კოლექტიური ცნობიერება უძველესი დროიდანვე ღრმა შინაგან ურთიერთზემოქმედებაში (რაც უდაოდ კონკურენციის ელემენტებსაც შეიცავდა) იმყოფება, სწორედ ამ ურთიერთზემოქმდების ფონზე მითი, ფილოსოფია და რელიგია ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ და ვითარდებიან. ამ ურთიერთკავშირში შეიქმნა, ერთის მხრივ, მითოლოგიურ-რელიგიური კოსმოლოგიური წარმოდგენები, ხოლო მეორეს მხრივ, ძველი ჩინეთის ყველა ნატურფილოსოფიური მოძღვრება. მოძღვრება ,,ხუთ პირველსტიქიაზე” მოგვაგონებს ჩინურ კოსმოლოგიურ წარმოდგენას ,,რვა სტიქიაზე“; მოძღვრება ინ და იან ძალებზე და მის საწყის მთლიანობაზე ძალზედ ჰგავს ჩინური მითის კოსმიურ პირველწყვილს - ფუსის და ნიუ-ვასთან დაკავშირებულ წარმოდგენათა სისტემას. დაოს მოძღვრებას კი ისევე, როგორც ძველჩინურ ,,დიდ ტრიადას“, ბევრი რამ აქვს საერთო ცისა და მიწის, ჩინური მითოლოგიის კოსმოლოგიურ წარმოდგენებთან; და ბოლოს, ჩინური ღვთაებრივი პანთეონის ევგემერიზაციის, რასაც განსაკუთრებით კონფუციანური სწავლება მისდევდა და რაც მნიშვნელოვანწილად მითიურ პერსონაჟთა ინტრონიზაციითა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მინიჭებაში არის გამოხატული, ბუნებრივად მოჰყვა კონცეპტუალური ისტორიზმის დამკვიდრება. ყველაფერ ამის კვალზე კი, საბოლოოდ ძველჩინური მსოფლმხედველობა ისტორიულობის, მითოსური და ფილოსოფიურ-რელიგიური აზრის უნიკალურ სინთეზად ჩამოყალიბდა.

big-blue   ,,საშინელებით გარემოცულმა შევხედე და დავინახე უზარმაზარი გველი, წრეშეკრული, მის შიგნით კი - ძალიან პატარა წრე. და თქვა მან, რომელსაც მე შევხვდი,: ,,იცი კი შენ, ეს რა არს? წრე მიწაა, ხოლო გველი - ზღვა, რომლითაც გარემოცულია მიწა, ანუ მთელი სამყარო“. - ნათქვამია შუასაუკუნეების ლათინურენოვან რომანში - ,,ალექსანდრია“. შუასაუკუნეების ეზოთერული და ალქიმიური ტრადიცია კოსმიურ წესრიგს, ყოფიერებას და მარადიულ წრე-ბრუნვას გამოსახავდა ,,კუდისმჭამელი“, ე.წ. ,,ურაბორასის“ ხატით. კუდისმჭამელი ურჩხული კოსმოსის ხატია: ურჩხულს/გველს საკუთარი კუდი პირით უჭირავს, წრე აქვს შეკრული და სამყაროს ქაოტურ წყლებს კოსმოსის კალაპოტით შემოსაზღვრავს, რითაც კოსმიურ წესრიგს უზრუნველყოფს. ,,კუდისმჭამელი“ გველის/ურჩხულის კოსმოლოგიური ხატი მსოფლიოს უძველეს მითოლოგიურ წარმოდგენათა წიაღში ჩამოყალიბდა. ,,კუდისმჭამელის“ მითოლოგემა მოიაზრებს ერთის მხრივ სამყაროს კოსმიური წყობის წრიულ მოდელს, ხოლო მეორეს მხრივ, კოსმიური ციკლების მონაცვლეობას - ერთის აღსასრულისა და მეორეს დასაწყისის უსასრულობას. ჩინეთში აღმოჩენილი ,,კუდისმჭამელი დრაკონების ფიგურები ეკუთვნის ხუნშანის კულტურას (4700-2900წ.წ.); ინდუსურ მითებში ურაბორასის სახეს ქმნის გველი ანანტა-შეშა, რომელიც თავისი სხეულით იჭერს სამყაროს; აფრიკულ კოსმოგონიაში გვხვდება ,,კუდისმჭამელი“ გველი-ცისარტყელა აიდო-ჰვედო. სკანდინავიურ მითოლოგიაში ,,კუდისმჭამელს“ განასახიერებს კოსმიური გველი ორმუგანდი. ეგვიპტეში ,,კუდისმჭამელი“ გველის გამოსახულება პირველად ჩნდება შუა სამეფოს ხანაში (დაახლოებით: 1600წ.ჩვ.წ.-მდე). ეგვიპტიდან ეს სიმბოლო გავრცელდა ფინიკიაში, სადაც ის განასახიერებდა იანუსს. შემდეგ გავრცელდა საბერძნეთში. სწორედ საბერძნეთში მიიღო სახელწოდება - ,,ურაბორასი“ (ουρά - ,,კუდი“ და ბერძნული βορά - ,,საჭმელი“. სიტყვასიტყვით - ,,კუდის(საკუთარი)მჭამელი.“). ურაბორასი იქცა დუალური გნოსტიციზმის სიმბოლოდ; შუასაუკუნეების ალქიმიაში ურაბორასი გამოიყენებოდა მარადისობისა და მთელი ალქიმიური პროცესების აღსანიშნავად.

   ,,კუდისმჭამელი“ ურჩხული მთლიანი და განუცალკევებელი, ორსაწყისოვანი(ორსქესოვანი), ანდროგინული არსებაა. გველი ზოგადად ითვლებოდა კიდეც ორსქესოვან, ყველა თვითგანაყოფიერებადი და თვითმშობადი ღვთაების ემბლემად. სწორედ ანდროგინიას გვიჩვენებს ურჩხულის მორკალული და პირით შეერთებული სხეული, სადაც გველის ზედა ნაწილი - კუდი მდედრულ ხთონურ საწყისს გამოხატავს. ანდროგინული ,,კუდისმჭამელის“, როგორც საწყისი ონტოლოგიური მთლიანობის მითოლოგემა, მრავალი თეოლოგიურ-კოსმოლოგიური სისტემების საფუძველი ხდება უძველეს კულტურებში. ამგვარი თეოლოგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება შეიქმნა ძველ ჩინეთში, ეს არის სწავლება ,,ინ“ და ,,იან“ ძალებზე.

   ,,ვინცა შეიცნო მამრობა თვისი, მანვე შეიცნო მდედრობა თვისი“ - ნათქვამია ,,დაო-დე-ძინში“. ამგვარი ანდროგენიით გაცხადებულია ძველჩინური მოძღვრების (დაოსური და სხვა ფილოსოფიური სწავლებანი) უმნიშვნელოვანესი ასპექტი - წარმოდგენა ონტოლოგიურ საწყისზე, რომელიც წარმოადგენს ორი საწინააღმდეგო სქესის - ინის და იანის მთლიანობას.

   ძველჩინური მოძღვრება ყოფიერების საწყისის ამგვარ გაგებაში მისივე წიაღის მითოსურ კოსმოლოგიურ ტრადიციას მისდევს. ერთ-ერთი ძველჩინური კოსმოგონიური მითის მიხედვით სრულიად სამყაროს შემოქმედად გვევლინება პირველი წყვილი - და-ძმა ფუსი და ნიუ-ვა. ის გარეგნულად წარმოადგენს გველისთავიან და ადამიანისტანიან, გველის კუდებით ერთმანეთში გადახლართულ კოსმიურ არსებებს. ძველჩინურ კოსმოგონიურ მითებში საუბარია ფუსისა და ნიუ-ვას კრეაციულ აქტებზე: ცისა და მიწის განცალკევებაზე, სამყაროსა და კაცობრიობის შექმნაზე (ნიუ-ვა ადამიანს ძერწავს თიხისაგან), რის შემდეგაც ისინი ზრუნავენ კოსმოსის სრულყოფისთვის და არაერთ დემიურგულ აქტს ახორციელებენ. მათ აგრეთვე უწევთ სამყაროს დაცვა წარღვნის ყოვლისწარმხოცველი წყლებისაგან. მოგვიანებით ფუსი იქცა აღმოსავლეთის ღვთაებად - ლურჯ დრაკონად.

Ring with_coiled_dragon

ძველი ჩინური "კუდისმჭამელი" დრაკონი. შანის ეპოქა.

   ალბათ, რომ არა ღვთაებათა ნაწილობრივი ანთროპომორფიზაცია, ეს წყვილი წარმოგვიდგებოდა მთელი სხეულით გადაჯაჭვულ, წრიულად შეკრულ ,,კუდისმჭამელ“ კოსმიურ ურჩხულ ურაბორასად, რომლის რელიგიურ-ფილოსოფიურ განვითარებად გვევლინება ძველჩინური ინი და იანი. ინის და იანის ემბლემატური ნიშანი წარმოადგენს კიდეც ,,კუდისმჭამელი“ ორი ურჩხულის გრაფიკულად სტილიზებულ ვარიაციას: ურთიერთგადაჯაჭვულ, წრეშეკრულ, ნათელ და ბნელ ფერებში შესრულებულ სტილიზებულ ორ გველს (წრიული თავით, რომელშიც ჩასმულია წერტილი-თვალი, ხოლო თავის ქვემოთ ფიგურის თანდათანობითი შევიწროება საბოლოოდ გველის კუდის ფორმას იღებს).

in02   იკონოგრაფიაში ურაბორასი მსგავსად ინისა და იანისა, ზოგჯერ გამოისახებოდა ნახევრად ნათელ და ნახევრად ბნელ ფერებში, რითაც გამოხატული იყო სამყაროს დუალური დაყოფა. ძველჩინური კოსმოლოგიური წარმოდგენების მიხედვით, სამყაროში ნათელი (იანი) და ბნელი (ინი) საწყისების მოქმედება-მონაცვლეობის ფაზები დამოკიდებულია ინის (ქალური) და იანის (მამაკაცური) მორიგეობაზე - თუ რომლის მოქმედების ფაზაში იმყოფება სამყარო. ეს მორიგეობა განსაზღვრავს სიკვდილ-სიცოცხლის, დღე-ღამის, ზამთარ-გაზაფხულის მონაცვლეობას. აქ შეიძლება პარალელის დანახვა ქართულ მითოსურ წარმოდგენებთან, სადაც სამყაროში ყოველგვარი კეთილდღეობა (გამრავლება, ნაყოფიერება, ამინდი და სხვა ბუნებითი გამოვლინებები) დამოკიდებულია ასევე დასაბამისეული პირველწყვილის გველისტანიან/თევზისტანიან ზღვის ქალისა და ზღვის კაცის მორიგეობაზე. ქართული (აჭარული მითოსის ამ პერსონაჟებს მეგრულში შეესაბამება მესეფები) მითოსის მიხედვით ისინი მთელ წელიწადს ზღვაში ატარებენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზე , ერთი კვირით, მორიგეობით ამოდიან ხმელეთზე. როცა ზღვის ქალი ამოდის, მაშინ მთელი წელი ნათელი ძალები, ყოველლგვარი კეთილდღეობაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვის კაცის ამოსვლის შემდეგ სამყაროში უამინდობა, უნაყოფობა ისადგურებს.

   მიუხედავად ინის და იანის, ისევე, როგორც ურაბორასის საწყისთა პოლარულობისა, ნათელი და ბნელი საწყისის დაპირისპირება მხოლოდ ფორმალურ დონეზე ატარებს დუალურ ასპექტს (დუალური ასპექტი ურაბორასმა ძირითადად გნოსტიკურ მოძღვრებაში შეიძინა). ამ ფორმალიზმსაც საბოლოოდ აუქმებს, აბათილებს წრე (მარადიული ბრუნვა), რომელიც ამთლიანებს პირველწყვილს. ,,კუდისმჭამელის:/ინისა და იანის მითოსურ-ფილოსოფიური ონტოლოგიური იდეა საწყისის და მის ფარგლებში ყოველნაირ პოლარულ გამოვლინებათა მთლიანობას და ამ მთლიანობის თავისი ცენტრის გარშემო მარადიულ წრე-ბრუნვას მოიაზრებს. ამიტომ იყო ძველი ჩინელისთვის ეს კოსმიური წრე ყოფიერების შუაგული, ხოლო მისი ცენტრი - ყოფიერების ღერძი. ყოფიერების ცენტრს - ,,მიწის ცენტრს“ ასევე დრაკონი განასახიერებდა უძველეს ჩინურ ტრადიციაში. ეს იყო ცის ღმერთი - ჩინური კოსმოლოგიის უზენაესი ღვთაება - ყვითელი (ოქროსფერი) დრაკონი - ხუან-ლუნ, აღმატებული ხუთ პირველსტიქიათა (ძველჩინური კოსმოლოგია)განმასახიერებელ სხვა ფერის დრაკონთა შორის. ხუან-ლუნი ,,მიწის ცენტრთან“ ერთად ცის მეუფეც არის, შესაბამისად, კოსმიურ ცენტრში - ინისა და იანის შუაგულში ,,მოხვედრა“, მასთან ზიარება სიცოცხლის განახლების, ეპიფანიის მომასწავებელია.

   ,,კუდისმჭამელის“/ინისა და იანის კოსმიური წრე და მისი ღერძი ძველჩინურ ტრადიციაში დაოს კრეაციული არსის - ,,უმოქმედო ქმნადობის“ თეოლოგიაშია ასახული, მისი საფუძველია. რენე გენონი ძვეჩინური რელიგიური ,,დიდი ტრიადის“ განხილვისას ,,უმოქმედო ქმნადობის“ გეომეტრიულ-სიმბოლურ გამოხატვას ცენტრის გარშემო წრის ბრუნვაში ხედავს. ,,მას ,,შიგნიდან“ მართავს ღვთაებრივი საწყისი ისე, რომ თვითონ უცვალებელი რჩება. იგი აღძრავს, მაგრამ თვითონ არ არის აღძრული“. ცენტრის/ღერძის გარშემო მბრუნავი წრე ურმის თვლის სიმბოლიკით ფიგურირებს ,,დაო დე ძინში“. ლაო-ძის აზრით, ბორბლის თვლის ღერძზე მოძრაობას და თავად ბრობლის არსს მისი ღერძის შუაგულის სიცარიელე განსაზღვრავს:

,,ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს.

მაგრამ ბორბლის არსს:

მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის“.

ღერძის, ცენტრის სიმბოლიკა ძველჩინურ კულტურაში გრაფიკულად გამოხატულია ცენტრის ჩინური იეროგლიფით - ,,ჯუნ“, რომელიც მოგვაგონებს წრის ცენტრში გამავალ ღერძს.

   იგი ტრადიციულად გაგებულია ყოფიერების ღერძად - ,,ცენტრი(,,ჯუნ“) - დიდი ფესვი ცისქვეშეთში“, ნათქვამია ძველჩინური ,,ოთხწიგნის“ ერთ-ერთ ტრაქტატში - ,,ჯუნ-იუნა“. ,,ღერძი იწყება წრის (ცვალებადობა)ცენტრში, რომელიც შეესაბამება მარადისობას“ - წერს ჯუან-ძი წიგნში ,,ჯუან-ძი“.

   ინისა და იანის მთლიანობას ტრადიციით თან ახლავს ძველჩინური უნიტარიზმი - ერთიანობასთან, საწყის მთლიანობასთან შერწყმისკენ სწრაფვა. ინ და იანში, მის ცენტრში მოხვედრისა და მარადისობასთან ზიარების საკრალური აქტი უმნიშვნელოვანესი ონტოლოგიური საზრისის მატარებელია ძველი ჩინელისათვის. ამასთან დაკავშირებით მ. ელიადე წერს: დაოსი ცნობილი აზრით მიილტვის, მოიპოვოს ანდროგინის დონე - ადამიანური სრულყოფილების უძველესი იდეალი. ორივე სქესის ინტეგრაცია აადვილებს ბავშვობაში დაბრუნებას, ხოლო ამგვარი დაბრუნება განსაზღვრავს სიცოცხლის პერიოდული განახლების შესაძლებლობას. დაოსს ვიტალური სისავსე, ბუნებრიობა და კეთილდღეობა მიეცემა მხოლოდ ,,შესაქმის“ ან სიცოცხლის ახალი ეპიფანიისას. ყველაზე ძველ დროში კოლექტიური იეროგამია ვაჟისა და ქალისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ინს და იანს, პერიოდულად რეაქტუალიზებს კოსმიურ და სოციალურ მოვლენებს. აქ დაოსი შთაგონებულია რელიგიური არქაიკით და მას იღებს ნიმუშად.

   ცოტა მოგვიანებით, ძველჩინური ევგემერიზაციის პირობებში საწყისი მთლიანობის და ცენტრის ძველჩინური კოსმოლოგია მკვეთრად სოციალიზირებული ხდება, რომლის კვალზეც საფუძველი ეყრება მონარქიულ თეოლოგიას, ნიშანდობლივს სრულიად აღმოსავლური მონარქიული ტრადიციისათვის. მონარქიულ თეოლოგიაში მეფე თავისი წრე-გვირგვინით (რომეოლიც გახსნისას წრფივ კვერთხად გადაიქცევა)კოსმიური მოდელის - წრეშეკრული ,,კუდისმჭამელი“ დრაკონის ადგილს იჭერს. ,,კუდისმჭამელი“ დრაკონი ფრთოსანი (ციური) და გვირგვინოსანი - ინტრონიზირებული დრაკონია. ამიერიდან საწყისთან დაბრუნების ონტოლოგიური იდეა კონცენტრირდება მეფის, უმაღლესი სახელმწიფოებრივი ხელისუფლის გარშემო. ამიერიდან მეფე ხდება პასუხისმგებელი სრულიად კოსმიურ წესრიგზე და მომაკვდავი კოსმიური ციკლების პერიოდულ ეპიფანიებზე, რაც მეფედ კურთხევის რიტუალის უშუალო კომპონენტი ხდება და რაც ინტრონიზაციისას განხორციელებული ,,საწყისთან დაბრუნების“ მითო-რიტუალურ- მაგიური ქმედებებით არის გამყარებული. როგორც მ. ელიადე წერს, ხელმწიფის ტახტზე აყვანის დროს კოსმოგონია მეორდებოდა. ფიდჯისა და ვიტი-ლევუს აბორიგენებში ინტრონიზაციას სამყაროს შექმნა ეწოდებდა, რომლის დროსაც მეფეს შეეძლო მთელი კოსმოსის აღდგენა. ბოლოდროინდელი ინტერპრეტაციის მიხედვით ინდოელი მეფის კურთევა სამყაროს აღდგენას შეიცავდა. მართლაც, რიტუალის სხვადასხვა ფაზა თანმიმდევრობით ასრულებდა მომავალი მეფის დაპატარავებას ჩანასახოვან მდგომარეობამდე, ერთ წელს მის მუცლად ყოფნას და კოსმოკრატორად მის მისტიურ ახლადშობას. მას ერთდროულად აიგივებდნენ პრაჯაპატისთან (ყოვლის შემოქმედი) და კოსმოსთან“.

   კოსმოლოგიური მოვლენების სამართავად მეფის განკარგულებაშია ონტოლოგიური საწყის-წრისა და მისი ცენტრის/ღერძის საკრალური რეგალიები - გვირგვინი (წრიულობა) და კვერთხი (წრფივობა), რომლებიც არა მხოლოდ სიმბოლურად, რეალურადაც ასახავენ ონტოლოგიურ ფენომენებს (რამდენადაც მითოსში ნებისმიერი სიმბოლური ასახვა არის არა დუბლირება, არამედ სრული იდენტობა ასახულ საგანთან). სამეფო გვირგვინის ბრწყინვალება, ელვარება - ,,მელამი“ ხდის მას ღვთაებათა თანასწორს. ,,მეუფების მელამი (აქად. ,,მელამ შარრუთი’) რქადასხმული გვირგვინის თუ ტიარას სინონიმია; მასშია მოქცეული ღვთაების მთელი ძალა და ავტორიტეტი. ეს ნიშანია, რომლითაც ღმერთი ღმერთობს“ (ზ.კიკნაძე). გვირგვინის წრიულობა მეფის ძალაუფლებას ქვეყნიერების ოთხივ მხარეს განავრცობს და ხელმწიფის ღვთაებრივ მარადიულობას გააცხადებს. ამას ემატება გვირგვინის ქიმები - რქები, რითაც მეფე ზეციური უზენაესი ღვთაების ზოომორფულ საწყისს - ცის რქიან ცხოველს - ფრთოსან დრაკონს უკავშირდება. სამყაროს ცენტრის/ღერძის ფუნქციას მეფეს ონტოლოგიური მნიშვნელობის საკრალური ატრიბუტი - კვერთხი ანიჭებს: ,,კვერთხი - ცის ღერძი; კვერთხი - ღერძი ციური სახლისა. ფესვი მისი წყვდიადი, წვერი მისი ციური ტაბლა“ - ვკითხულობთ ერთ შუმერულ ჰიმნში. ძველ ჩინეთში საიმპერატორო ხელისუფლების სიმბოლოდ ,,მიწის ცენტრის“ განმგებელი და განსახოვნება ყვითელი წმინდა დრაკონი ხუან-ლუნი იქცა, როგორც მატერიალური ხატი - მიწის/მთელი ყოფიერების რელიგიურ-ონტოლოგიური და სოციალურ-ემპირიული ცენტრისა. როგორც ჩანს, წარმოდგენათა მსგავსი სისტემა არსებობდა სკანდინავიურ კოსმოლოგიაშიც, სადაც ფრთოსანი და გვირგვინოსანი ,,კუდისმჭამელი“ ურჩხული ურმუგანდი აღნიშნავს ,,ბუმბერაზ კვერთხს“.

   სამყაროს ღერძის/კვერთხის პყრობით მეფე ყოფიერების ცენტრში დგას, ხოლო მისი სამეფოს საზღვრები კოსმოსის ხატს მოხაზავს. ,,სამეფო-კოსმოსის“ მკვეთრად შემოსაზღვრულ, ჩაკეტილ ,,შინა-სივრცეს“ ესაზღვრება და მუდმივად უპირისპირდება ამ სივრცის მიღმა დარჩენილი მთელი ,,გარე-სივრცე“ - ქაოსი, რომელიც ,,შინა-სივრცეში“ შემოღწევის მუდმივ მოლოდინშია. უძველესმა ჩინელებმა თავის სამეფოს, როგორც სრულიად ,,ცისქვეშეთს“, გალავანი - ,,ჩინური კედელი“ შემოავლეს, რითაც ხილული ზღვრითაც გამიჯნეს კოსმოსი ქაოსისგან. ჩინურ კედელს ყოველგვარი ქაოსური გამოვლინებისგან უნდა დაეცვა ,,ცისქვეშეთი“.

   მთელი სამეფო, ქვეყნის მიწა-წყალი - მთელს კოსმოსად (ჩინური კოსმოლოგიური ტერმინოლოგიით - ,,ცისქვეშეთი“), მეფის სასახლე და სამეფო ტახტი - კოსმოსის ცენტრად, ხოლო თავად ხელმწიფე - უზენაეს ღმერთად მოიაზრებოდა მთელს ძველ აღმოსავლეთში. ხელმწიფე-ღვთაების მითოსური პარადიგმა უშუალოდ კოსმოლოგიური წარმოდგენებიდან აღმოცენდა. ამ მხრივ ჩინური მონარქიული თეოლოგია ყველაზე სისტემური და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რასაც ზურგს უდაოდ უმაგრებდა ძველჩინური ფილოსოფიურ-რელიგიური სწავლებანი. დაოსურმა მოძღვრებამ სამეფო ხელისუფლების კოსმოლოგიურ-მითოსური სემანტიკა თეოლოგიურად გააღრმავა და უმაღლესი მიწიერი ხელისუფალი ღვთაებრივი ,,დიდი ტრიადის“ მეოთხე წევრად, იპოსტასად გამოაცხადა:

,,დაო - დიადია.

ცა - დიადია.

მიწა - დიადია.

ხელმწიფეც - დიადია“ (ლაო-ძი)

   ძველჩინურ პანთეონში ცის ღმერთს განასახიერებდა ყვითელი დრაკონი ხუან-ლუნი, შესაბამისად, ჩინეთის უმაღლესი ხელისუფალიც ცის ყვითელ დრაკონთან გაიგივდა. ძველ ჩინეთში ყვითელი დრაკონისა და იმპერატორის გაიგივება გამყარებულია იმ გენეალოგიური მითებით, რომლებიც მოგვითხრობენ ჩინელი იმპერატორების ყვითელ დრაკონთან გენეტიკური ნათესაობის შესახებ. იმპერატორი თავისთავს აცხადებს ,,ცისქვეშეთის“ ღვთაებად, რადგან მის ძარღვებში ჩქეფს დრაკონის სისხლი. მითების მიხედვით, დედოფალი დაფეხმძიმდა ცის მეუფე ყვითელი დრაკონისაგან, რომელსაც დედოფალი პირადად შეხვდა, ან სიზმარში ნახა, ან სასახლის თავზე გამოჩნდა და ა.შ.

   ძველ ჩინეთში არა მხოლოდ უმაღლესმა ხელისუფალმა განიცადა ასტრალიზაცია და იქცა ცის ყვითელ დრაკონად, არამედ, მოხდა პირიქითაც - ყვითელი დრაკონის - ,,ხუან-ლუნის“ სოციალიზაციით წარმოიშვა ,,ხუან-ძი“ - ,,ყვითელი იმპერატორის“, კულტურული გმირის სახე. კონფუციანურმა ტრადიციამ ხუან-ძის ისტორიული შტრიხები შესძინა, იგი შენ-შუნის მემკვიდრედ გამოაცხადა და მისი სიცოცხლის წლებიც მიუთითა - 2698-2598 ჩვ.წ.-მდე. (ნემიროვსკი 2000:504). სოციალიზაციის კვალზე, ყვითელმა იმპერატორმა ხუან-ძიმ ყვითელი დრაკონისაგან ცის მეუფებასთან ერთად, ,,მიწის ცენტრის“ ფუნქციაც იმემკვიდრა. მითების თანახმად, ,,ხუან-ძის, სანამ ,,ცენტრის“ ღვთაება გახდებოდა, ქვეყნიერების ოთხივე მხარის დრაკონ-ღვთაებებთან მოუხდა ბრძოლა“.

   წმინდა დრაკონის ინტრონიზაციას , რაც რელიგიურად და პოლიტიკურად იყო ლეგიტიმირებული, უდაოდ ღრმა ტრადიციული საფუძველი გააჩნდა, რომლის ძირები ჩინეთის ძალიან შორეულ წარსულშია საძიებელი, იმ წარსულში, სადაც დრაკონის წმნიდა ხატის ტრადიცია ყალიბდებოდა და რომელიც უძველესი მითოსური კოსმოლოგიური წარმოდგენებით იყო შთაგონებული. ,,ლუნ“ დრაკონის ჩინური სახელწოდებაა. ლუნის ხატი ჩამოყალიბდა ჩინეთის ძალიან ღრმა მითიურ წარსულში.

image006image008

ჩინური იეროგლიფი ,,ლუნ“ (,,დრაკონი“)

   იეროგლიფი ,,ლუნ“-ი წარმოადგენს კრიპტოგრამას, რომელიც გამოსახავს ცხოველს წაგრძელებული ტანით და რქიანი თავით. დრაკონს უკავშირდება ძველჩინური სწავლება ხუთ საწყისოვან პირველელემენტზე. ,,შუ-ძუნში“ წერია: პირველი დასაბამია წყალი, მეორე - ცეცხლი, მესამე - ხე, მეოთხე - ლითონი და მეხუთე - მიწა“, ხოლო ,,ჯუან-შის“ მიხედვით, ,,ცამ შექმნა ხუთი პირველსაწყისი და ხალხი სარგებლობს ამ საწყისებით. საკმარისია, წარიხოცოს ერთი მათგანი და სიცოცხლეც შეწყდება“ (ძველჩინური...I,1972:9). ონტოლოგიურ-კოსმოლოგიური ხუთჯერადი კლასიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად ყალიბდება წარმოდგენა შესაბამის ხუთი ფერისა ფუნქციის ხუთ ლუნზე - დრაკონზე; ხუან-ლუნ - ყვითელი; ცინ-ლუნ - ლურჯი; ჩინ-ლუნ - წითელი; ბაი-ლუნ - თეთრი; სუან-ლუნ - შავი. მათ შორის მთავარი ფუნქცია აკისრია ყვითელ ხუან-ლუნს, როგორც ცის ღმერთსა და სამყაროს ცენტრის დრაკონს; აგრეთვე ლურჯ დრაკონს - ცინ - ლუნს, როგორც აღმოსავლეთის სიმბოლოს. კოსმოლოგიური და მითოლოგიური წარმოდგენების განვითარების შედეგად დრაკონმა მნიშვნელოვანწილად დაკარგა კავშირი ხთონურ სამყაროსთან, როგორც ბნელ, ქალურ - ,,ინ“ საწყისთან და ამიერიდან ნათელი, ციური, მამაკაცური - ,,იან“ ძალის გამოხატულებად იქცა. ამიტომ მას ხშირად გამოსახავენ ცის, წვიმების, ღრუბლების, ჭექა-ქუხილის განმგებელ ფრთოსან არსებად. ციურ ლუნს საბოლოოდ მაინც არ გაუწყვეტია კავშირი თავის საწყის პირველსტიქიასთან. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, დრაკონი გაზაფხულს ცაში ატარებს, ხოლო შემოდგომაზე ზღვებსა და ოკეანეებში ბრუნდება. ლუნის დასაბამისეულ წყლებში დაბრუნება შეესაბამება დრაკონის და მასთან ერთად მთელი სამყაროს სეზონურ ციკლურ ძილს. ჩინურ კოსმოლოგიაში იმთავითვე გამიჯნულია დრაკონის ,,ძილის“ და ,,გაღვიძების“ ფაზები, რომელთა მთლიანობა კოსმოსის ტემპორალობას, ყოველწლიურ ციკლურ-სეზონურ ფაზებს და სამყაროული კოსმიური ციკლების მონაცვლეობას განსაზღვრავს. ძველი ჩინელები ორ ვარსკვლავს, რომელიც გაზაფხულის დადგომისას ცაზე ჩნდებოდა, ადარებდნენ დრაკონის ორ რქას. ამ მომენტიდან დრაკონის ხმა ისმის პირველ ჭექა-ქუხილებში. ღამით, ცარგვალზე ორივე რქის გამოჩენა იმის მაუწყებელი იყო, რომ დრაკონმა საბოლოოდ გაიღვიძა ზამთრი მთვლემარე ძილისაგან. თუკი ვარსკვლავები - ,,ძიაო“ და ,,და ძიაო“ წარმოადგენენ დრაკონის რქებს, მაშინ წითლად მოელვარე ვარსკვლავს ,,სინ“-ს ,,დრაკონის გულს“ უწოდებენ. ეს ვარსკვლავი განსაზღვრავს გაზაფხულის შუა პერიოდს. ასე ჩნება ცაზე დიდი, ლურჯი დრაკონი, რომელსაც თან მოაქვს გაზაფხული, განახლება და სიცოცხლე. ,,ძილის“ ფაზა ყველაზე ახლოსაა დრაკონის კოსმოგონიურ საწყისთან. მარადიული კოსმიური წრე-ბრუნვის ხატი - ,,კუდისმჭამელი’’ დრაკონი, რომელიც თავისი სხეულით იჭერს ქაოსის წყლებს და სამყაროში კოსმოსის მდგომარეობას ინარჩუნებს - ,,მძინარი დრაკონია“.

   ამგვარად, წმინდა დრაკონი ცის და მიწის, დასაბამისეული პირველსტიქიების, მთელი სამყაროს უზენაეს ღმერთად დასახა უძველესმა ჩინურმა ტრადიციამ, ამავე ტრადიციის წიაღში დრაკონს რელიგიური და სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია მიენიჭა. დასავლურ-ევროპული ტრადიციისაგან განსხვავებით, აღმოსავლური დრაკონი არ გვევლინება საზარელ მონსტრად, რაც შუასაუკუნეების წარმოდგენების ნაყოფია და ამიტომაც არ იცნობს ძველჩინური ტრადიცია ევროპული ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელ ,,ვეშაპთმებრძოლეობის“ მოტივს. თუმცა, ჩინურ გადმოცემებში მაინც ჩანს ურჩხულთან (რომელიც ბოროტ, უწმინდურ დრაკონად არის გამოცხადებული) ბრძოლის ცალკეული შემთხვევები. ვფიქრობთ, ეს შემთხვევები ძველჩინური კულტურისთვის მეორეული მოვლენაა და ჩინეთში ინდური ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება (ინდური კოსმოგონია თვისებრივად ატარებდა ურჩხულთან ბრძოლის მითოლოგემას, მაგ. ინდრა და ვრიტრა). ინდური, სრულიად ახალი კულტურული ინფორმაციის შეჭრამ, რომლის წიაღშიც ახალი ,,ჩინური ბუდიზმი“ ჩამოყალიბდა, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით ბევრი რამ შეცვალა ჩინეთში. საბოლოოდ მივიღეთ ურჩხულთან ბრძოლის ზოგად-მსოფლიო კულტუროლოგიური სურათი. სრულიად სამყარო და მისი ვიტალური ძალები წარიმართა დრაკონთან საბრძოლველად, მის გასანადგურებლად, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენდა თუ არა ურჩხული უზენაესი ღმერთის ძალიან ლატენტურ და იმავდროულად მკვეთრად გამოხატულ ,,სიმულირებულ“ ფორმას, რომელსაც უდაოდ ჰქონდა საფუძველი, მოგვვლენოდა ღმერთის ,,ჭეშმარიტი პრეტენდენტის“(პლატონი) სახელით.

წყარო: ხათუნა თავდგირიძე

შეფასება
(0 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge

დაკავშირებული სტატიები

ასევე ამ კატეგორიაში « კონფუცი
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები