სინიცუანი

სინიცუანი

fist   სინიცუანი ითვლება ყველაზე რთულ სტილად ყველა "შინაგანი" სკოლებიდან. ის წარმოიშვა გაცილებით ადრე, ვიდრე ტაიციცუანი და ბაგუაჩანი, გამოვიდა ჩვეულებრივი შუბით ბრძოლიდან და თავდაპირველად არ ითვალისწინებდა არავითარ სულიერ მხარეებს. მაგრამ დახურული დაოსური სკოლების წიაღში ის გარდაიქმნა ტრადიციული უშუს ყველაზე მისტიურ სტილად.

   "ადამიანის ნება უპირველესად ემორჩილება მის ფორმას", " ადამიანის შიგნით ცხოვრობს მისი ნების იმპულსი, ხოლო უშუს ილეთებში ის იძენს ფორმას", ამბობდნენ ამ სტილის ოსტატები.

   თვით სახელწოდება "ნებისა და ფორმის მუშტი" (სინიცუანი) განიმარტება როგორც ადამიანის გარეგანის და შინაგანის ერთიანობის სიმბოლო. და, თუნდაც ამჟამად, სინიცუანის უმარტივეს კომპლექსებს სწავლობენ ჩინეთში ფიზკულტურულ ინსტიტუტებშიც კი, შინაგანი პრინციპების მხოლოდ საფუძვლების ათვისებას სჭირდება არანაკლებ შვიდი წლისა. დღეს არც ისე ბევრი ენთუზიასტი მოიძებნება, რომლებიც ათეულობით წლებს მიუძღვნიდნენ სინიცუანის ჭეშმარიტ სტილს.

სტილის წარმოშობა

   ადამიანი, რომელმაც სინამდვილეში სათავე დაუდო სინიცუანს, იყო ცი ციკე, ანუ ცი ლუნფენი (1642-1697 წწ), შანსის პროვინციის მკვიდრი. ის დაიბადა უზრუნველყოფილ ოჯახში პიჩოუს ოლქის სოფელ ცზუნცუნში, რომელიც მდებარეობდა კილომეტრში მდინარე ხუანხედან.

qiangshu   ცი ციკემ მთელს არემარეში გაითქვა სახელი თავისი შუბის ფლობის უბადლო ტექნიკით. ის ისეთი სისწრაფით ასრულებდა ილეთებს, რომ მას მეტსახელად შეარქვეს "საოცარი შუბი". დღემდე სინიცუანის არსენალში შემორჩენილია შუბისა და ხმლის კომპლექსები, რომლის შექმნაც ცი ციკეს მიეწერება, ხოლო სინიცუანის ზოგიერთი სკოლები შანსიში სწავლებას იწყებენ შუბის ვარჯიშებით, და არა მუშტით ბრძოლით.

    გადმოცემით, ერთხელ ცი ციკეს დაებადა აზრი: შესაძლებელია თუ არა იარაღით ბრძოლის პრინციპების გამოყენება მუშტით ბრძოლაში და ამის მეშვეობით მუშტით დარტყმაში ისეთივე გამანადგურებელი დარტყმის მიღწევა, როგორც შუბით ჩხვლეტისას. ნუთუ არ შეიძლება მუშტის პირდაპირი დარტყმა განიხილოს როგორც შუბით ჩხვლეტა, ქვევიდან ზევით მუშტის დარტყმა როგორც დარტყმა შუბით ყელში? ნუთუ ბლოკი წინამხარით არ ჰგავს მოწინააღმდეგის დარტყმის გვერდით გატანას შუბის ტარით? და ცი ციკემ დაიწყო პრინციპიალურად ახალი სტილის შემუშავება. საფუძვლად მან აიღო შუბის სწრაფი ჩხვლეტის პრინციპი მოწინააღმდეგისკენ სწრაფი შეხტომით, გადაიყვანა რა ის მჩხვლეტავ დარტყმაში შეკრული თითების სახსრებით მოწინააღმდეგის მტკივნეულ ადგილებში. მან გამოიყენა ასევე სწრაფი ნაბიჯით შეხტომები მეტოქესთან, გვერდით გამტანი ბლოკები წინამხრით ერთდროული გვერდზე გასვლით, ბლოკის დარტყმაში გადასვლები მოწინააღმდეგის ხელის გასწვრივ. მოძრაობები გამოიყურებოდა არც ისე სანახაობრივად, თუმცა ისინი აღმოჩნდნენ ეფექტურები ორთაბრძოლაში.

   მრავალი წლის განმავლობაში ამუშავებდა ცი ციკე საკუთარ სტილს, რომელსაც თავიდან არც კი ჰქონდა მუდმივი სახელწოდება - მას უძახდნენ ხან "ექვსი შესაბამისობის მუშტს" (ლიუხეცუანი), ხან ციკეცუანს, შემქმნელის მიხედვით, მაგრამ ყველაზე ხშირად უძახდნენ უბრალოდ ცუანს - "მუშტის ხელოვნება". შუბით ბრძოლიდან ცი ციკემ გადმოიტანა "ექვსი შესაბამისობის" პრინციპი, რომელიც საშუალებას აძლევდა სრულფასოვნად შეესრულებინა დარტყმაში "შინაგანი ენერგიის გამოტყორცნა". ეს პრინციპი ნიშნავდა, რომ მტევნის მოძრაობა კოორდინირებულია ცერების მოძრაობასთან, იდაყვების - მუხლებთან, მხრების - წელთან, გული, ანუ სულიერი მდგომარეობა მოდის ჰარმონიაში ნების იმპულსთან, ნების იმპულსი სტიმულირებს შინაგან "ენერგია" - ცის, მას კი, თავის მხრივ, მოჰყავს მოქმედებაში ფიზიკური ძალა (ლი).

xingyi1   არსებობდა ცი ციკეს საბრძოლო გამოცდილების კიდევ ერთი წყარო - ცხოველთა ქცევებზე და ბრძოლის ტაქტიკაზე დაკვირვება. ამჟამად სტილში განიხილება 12 ცხოველის მოძრაობები, ესენია: დრაკონი, ვეფხვი, მაიმუნი, ცხენი, ნიანგი, შევარდენი, ქათამი, მერცხალი, გველი, მითოლოგიური ფრინველი ტაი, არწივი და დათვი. აი ასე ხსნის გავრცელებული ლეგენდა სინიცუანის პირველი ორი ასეთი ფორმის წარმოშობას. ერთხელ ცი ციკე შეესწრო დათვისა და წეროს შეტაკებას. მან მიაქცია ყურადღება იმას, თუ როგორი განსხვავებული იყო მათი ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც გამომდინარეობდა ცხოველთა შინაგანი ბუნების წინააღმდეგობიდან, რაც წარმოადგენს ორ საპირისპირო საწყისს - ინს და იანს. უშუს სხვა მიბაძვითი სტილებისგან განსხვავებით, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებიდან ცეკვად გარდაიქმნენ, ცი ციკემ გადაწყვიტა არ გადმოეტანა მექანიკური მოძრაობები, რომლებსაც იყენებდნენ ეს არსებები ბრძოლაში, ის შეეცადა დაეჭირა თვით საბრძოლო სული, შინაგანი განწყობა, ანუ "საბრძოლო სიმამაცე", რომელიც იგრძნობოდა გამძვინვარებული ცხოველისა და ფრინველის ბრძოლაში. ასე დაიბადა სინიცუანის უმთავრესი პრინციპი: არ შეიძლება ცხოველთა მოძრაობის ბრმად კოპირება, საჭიროა მათ შინაგან განწყობაზე დაუფლება. ბუნებრივ არსში შეღწევას უწოდა მან "ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება". თავის შემდეგ ცი ციკემ დატოვა მოძღვრება "ორი პირველსაწყისის შესახებ", სადაც ცხოველისა და ფრინველის ბრძოლა შეადარა ინის და იანის ურთიერთტრანსფორმაციის პრინციპს:

 წეროს და დათვის საბრძოლო განწყობა - 

აი ის, მუშტის ხელოვნების მეთოდი!

ინის და იანის უხილავ შერწყმაში

შედგება სინიცუანის საწყისი.

   ცი ციკე თვლიდა, რომ გამართული კიდური მიეკუთვნება იანის დადებით საწყისს და შეესაბამება "წეროს ფორმას" ("წერო ურტყამს ფრთებით"). უკან დახევები, მოხრილი კიდურები - ეს ინის უარყოფითი საწყისის გამოვლინებაა, რაც შეესაბამება "დათვის ფორმას". ფორმები განუწყვეტლივ ენაცვლებიან ერთმანეთს, ინი გადადის იანში, ბლოკი იცვლება შეტევით, უკან დახევა - წინ ნახტომით.

   არსებობს სხვა ახსნაც. რამდენადაც შემტევი ტექნიკა ეკუთვნის იანის საწყისს, შეტევა საჭიროა "წეროს" მოძრაობებით, ხოლო "დათვის მოძრაობები" , რომლებიც ინის საწყისს მიეკუთვნება, უზრუნველყოფს საიმედო თავდაცვას. ინი და იანი გადადიან ერთმანეთში თითქოს და უხილავი, სიმბოლურად დაფარული ფორმით.

   მოგვითხრობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს ცი ციკე გახდა მდუმარე და ჩაკეტილი, ცოტა ვინმეს თუ ერგებოდა პატივი მასთან დალაპარაკების. მოსწავლეები კი მას პრინციპულად არ აყავდა, ვერ ნახულობდა ღირსეულებს. მხოლოდ ერთ ადამიანს ენდობოდა ის - თავის ძველ მეგობარ ცაო ციუს. როგორღაც, ადრეული ახალგაზრდობისას, მათ ხელში ჩაუვარდათ ტრაქტატი, რომელიც მიეწერებოდა ცნობილ მეომარ იუე ფეიუს, სადაც მოთხრობილი იყო იმაზე, რომ ორთაბრძოლის ხელოვნებაში ყველაზე მთავარი - თავისი ნების იმპულსის (ი) მთლიანობის შეგრძნებაა, ხოლო ილეთები და რაიმე ტექნიკური მოქმედებები არის მხოლოდ გამოხატულება ამ შინაგანი მდგომარეობის. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტრაქტატიდან ამოიღო ცი ციკემ თავისი სტილის სახელწოდება - "ფორმისა და ნების მუშტი". მეგობრები ერთად იზეპირებდნენ დიდი მეომრის ნაშრომს, მაგრამ მოგვიანებით ცაო ციუს მოუწია ჩამოცილებოდა საბრძოლო პრაქტიკას - მან საჯარო მოხელის კარიერა ამჯობინა და დასახლდა ანჰოის პროვინციაში (შეგახსენებთ, რომ ცი ციკე ცხოვრობდა მეზობელ პროვინციაში შანსი). და აი, როდესაც უკვე საკმაოდ პატივცენული ადამიანი იყო, ცაო ციუ მივიდა თავის მეგობართან ერთადერთი თხოვნით - აეხსნა მისთვის იმ სტილის საფუძვლები, რომლებიც მან შეიმუშავა. ცი ციკემ ვერ შეძლო უარი ეთქვა ძველი მეგობრისთვის, და მეტიც, გადაწყვიტა ის თავის მემკვიდრედ ექცია. 12 წელი გრძელდებოდა შესწავლა, წლიდან წლამდე პროგრესირებდა ცაო ციუ, ხოლო წარმატებები უშუში ეხმარებოდა მის კარიერას სახელმწიფო სარბიელზე. 1694 წ, ანუ 32 წლის ასაკში, მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები ცინშის უმაღლესი საჯარო მოხელის ხარისხზე და დაიკავა ლიდერის ადგილი კონკურსანტებს შორის.

   1704 წ. ის ხელმძღვანელობდა წესრიგის დაცვის ჯგუფს შანსის პროვინციაში, სადაც იკრიბებოდნენ ყველაზე საუკეთესო მებრძოლები, კიდევ 2 წლის შემდეგ გახდა ყველა პროვინციული ჯარების მეთაური და, ბოლოს, დაიკავა შანსის უეზდის მეთაურის თანამდებობა.

   არსებითად, სწორედ ცაო ციუმ, თავისი არაორდინარული აზროვნების წყალობით, შეძლო შეეკრიბა ერთად და მოეყვანა სისტემაში ყველა ის ილეთები და პრინციპები, რომლებიც შეიმუშავა ცი ციკემ. ამიტომაც, სწორედ ის და არა ცი ციკე ითვლება ზოგიერთ სკოლებში სინიცუანის დამფუძნებლად.

   სინიცუანი დიდხანს არ დარჩენილა ერთიან სკოლად. ის მალე განშტოვდა რამდენიმე მიმართულებით, ამასთან უმეტეს შემთხვევაში მათი შემქმნელები იყვნენ ცაო ციუს პირდაპირი მემკვიდრეები. დღეისთვის არსებობს სინიცუანის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც სათავეს საერთო წყაროდან იღებენ. მათ მიეცათ სახელწოდებები იმ პროვინციების მიხედვით, სადაც ისინი წარმოიშვნენ: შანსის, ჰებეის (ჩრიდილოეთ შტო) და ჰენანის (სამხრეთ შტო).

Dragon1   შანსის და ჰებეის მიმართულებები ძირითადად წააგავს ერთმანეთს. შანსის მიმართულებაში ყველა ილეთების შესრულება გარკვეულწილად დინამიურია, პოზიციები ვიწრო და შეკრული, ძალის გამოტყორცნა ძალიან ზუსტი. მოძრაობა მრგვალია და მიდის მცურავად რკალზე. იგულისხმება, რომ მებრძოლი აგორებს ხელიდან ხელში დიდ ბურთს. ჰებეის მიმართულებაში პოზიციები მეტად გახსნილია, ნაკლები წრიული და მეტი მჩხვლეტავი მოძრაობებია.

   სინიცუანის ჩრდილოეთ შტოს საფუძვლად გვევლინება ხუთი პირველსტიქიის კომპლექსი - უსინცუანი, ხოლო სამხრეთ შტოში ის არ არის. ჰენანის და შანსის მიმართულებებში სწავლობენ ათი ცხოველის ფორმას, ჰებეიში თორმეტს. ჰებეის მიმართულებაში ვარჯიშების საფუძველთა საფუძველი არის "სამი საწყისის" პოზიცია - სანტიში, რის დაუფლებაზეც თითქმის სამი წელი გადის, შანსის სკოლებში ის არ არის, მის მაგივრად შეისწავლება "ექვსი ურთიერთქმედების" პოზიცია და "დგომა, დიანტიანის ავსებით". არსებობს ასევე განსხვავებები მოძრაობათა დინამიკაში, კომპლექსების სტრუქტურაში, იარაღის გამოყენებაში.

სინიცუანის არსი

    სინიცუანის თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩინური ნატურფილოსოფიის ყოველ "სტიქიას" ("ელემენტი") - ლითონს, ხეს, ცეცხლს, წყალს, მიწას - შეესაბამება ხუთი საბაზო დარტყმა - "მჩეხავი", "გამანგრეველი" (პირდაპირი), "მბურღავი", "ფეთქებადი" და "გამტანი". "ხუთ სტიქიას" ("ხუთ ელემენტს"), თავის წილად გააჩნია მთელი რიგი შესაბამისობანი - შეეფარდებიან ქვეყნის მხარეებს, "ენერგეტიკულ არხებს" ადამიანის ორგანიზმში, შინაგან ორგანოებს და ა. შ. ამგვარად, მხოლოდ ერთ სწორ მოძრაობას, როგორც ოსტატები ასწავლიდნენ, "ცნობიერების ჭეშმარიტი განწყობით", შეუძლია შვას მასში კოსმიურ შესაბამისობათა მთელი ჯაჭვი.

FiveElementsDiagram

   ავიღოთ, მაგალითად, პირდაპირი დარტყმა მუშტით (ბენცუანი). ის შეესაბამება ხის "სტიქიას", ქვეყნის მხარეს - აღმოსავლეთს. ადამიანის სხეულში შეესაბამება წერტილ ციაცის, რომელიც მდებარეობს ზურგის უკანშუა მარიდიანზე, ბეჭების შემაერთებელ ხაზზე. ეს წერტილი ითვლება ერთერთად იმ სამი ძირითადი "სადგომიდან" ადამიანის სხეულში, სადაც შეიძლება ჩადგეს ცი, რაც იწვევს, მაგალითად, გულისა და ფილტვების დაავადებებს. ბენცუანი ასტიმულირებს ელენთას ცის, აუმჯობესებს მხედველობას, ხსნის მსხვილი ნაწლავისა და პერიკარდის "მერიდიანებს" ("არხებს"). ფორმა, რომელთანაც დაკავშირებულია ბენცუანი, არის ისარი. მებრძოლი წარმოისახავს, უდრეკი მშვილდიდან გამოშვებული ისარი როგორ ერჭობა ხეს, მშრალად, მკვეთრად და თითქმის შეუმჩნევლად. სწორედ ისე უნდა შესრულდეს დარტყმა ბენცუანი.

   "ხუთი სტიქია" დაკავშირებულია ერთმანეთთან ორი ტიპის ურთიერთობით - "ურთიერთშევსებით" ("ურთიერთწარმოშობით") და "ურთიერთუარყოფით" ("ურთიერთგადალახვით"), ამასთან ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. "ურთიერთუარყოფის" ხაზი გამოიყენება თავდაცვის ილეთების სიმბოლიკაში, "ურთიერთწარმოშობის" ხაზი - შეტევის განვითარების და ერთი ილეთიდან მეორეში გადასვლის სიმბოლიკაში.

maria-liang-xing-yi-pao   სინიცუანის სწავლების არსი მდგომარეობს თვით სტილის სახელწოდებაში - "ფორმისა და ნების მუშტი" - მიიღწევა აბსოლუტური ერთობით განზრახვის და მოქმედების, ცნობიერების იმპულსის და მისი რეალიზაციის, ადამიანის გარეგანის და შინაგანის.

   მოძრაობები სინიცუანში გარკვეულად შეკრული და ეკონომიურია, აქ არ უნდა იყოს არცერთი ზედმეტი მოძრაობა და ხელის აქნევაც კი. შეკრულობა გამოიხატება იმაში, რომ სხეულის ყველა ნაწილი ისწრაფვის ორგანიზმის ენერგეტიკული და ფიზიკური ცენტრისკენ - დიანტიანისკენ. ამ სტილში პრაქტიკულად არ არის ფართო, ამპლიტუდური მოძრაობები. ყველა გადაადგილება ხორციელდება არა ნაბიჯით, არამედ მკვეთრი შეხტომით. ოსტატები ასწავლიდნენ, რომ მებრძოლი წინ უნდა გავარდეს ისე სწრაფად, როგორც აფეთქებული პეტარდის ნამსხვრევი. სწორედ ეს მოულოდნელი აფეთქების შეგრძნება იქმნება სინიცუანის ყველა ილეთში.

   დარტყმების უმრავლესობა ხორციელდება არა მუშტით, არამედ წინ გაშვერილი საჩვენებელი თითის მეორე სახსრით - "ფასკუნჯის თვალით", ასევე თითებით და ხელის გულით.

yiquan   ყოველი შეტევა - ეს მოკლე, მკვეთრი აფეთქებაა, მიმართული "შინაგანი ძალისხმევის გამოტყორცნაზე", ამიტომაც გარეგნულად სინიცუანი გამოიყურება როგორც ხისტი სტილი. ყველა დარტყმა ხორციელდება ახლო მანძილიდან ძირითადად ხელებით. პრაქტიკულად ყოველი შეტევა მიმართულია სახიფათო წერტილებისკენ (საზარდული, ყელი, ყური, მუცელი), ამასთან სინიცუანში შემუშავებულია ადამიანის ორგანიზმის სახიფათო წერტილებზე დარტყმებისა და დაწოლების რთული თეორია.

   ფართოდ გამოიყენება ფეხით დარტყმები მუცელში, საზარდულში და ფეხებში, მოცელვები, გამოკვრები. სასწავლო კომპლექსებში ფეხებით დარტყმები გვხვდება შედარებით იშვიათად, თუმცა ბრძოლაში გამოიყენება ორ ათეულზე მეტი მათი ნაირსახეობა. ყოველი დარტყმა ხელით სრულდება არა ადგილიდან, არამედ მოკლე შეხტომით ან სხვა გადაადგილებით (მაგალითად, გვერდით).

   ამ სტილის ტექნიკის დამუშავება მოითხოვს ორგანიზმის მერიდიანალური სისტემის და ტრადიციული ჩინური ბიოენერგეტიკის საფუძვლების კარგ ცოდნას. ამის მეშვეობით სინიცუანი ანვითარებს ადაპტაციურ, ენერგეტიკულ და გონებრივ შესაძლებლობებს ადამიანში.

ბადრი ნოზაძე

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები