კუნგ ფუ

კუნგ ფუ

   კუნგ ფუ, ანუ გონგფუ (ჩინ. გონგფუ-მუშაობა, ძალისხმევა ან მძიმე შრომის შედეგად შეძენილი ოსტატობა). ჩინური საბრძოლო ხელოვნება. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ეს ტერმინი დასავლეთის პრესამ გაავრცელა, როგორც ჩინური საბძოლო ხელოვნების სახელწოდება. თვით ჩინეთში II მსოფლიო ომამდე იხმარებოდა “კიო შუ” (“გიოშუ”) – ეროვნული საბრძოლო ხელოვნება. ომის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გააცოცხლეს ძველი სახელწოდება _ “უშუ”, სამხედრო ხელოვნება (იხ. უშუ),

რომელიც ფართო მნიშვნელობით იხმარება და ჩინური საბრძოლო ხელოვნების სპორტულ ვერსიასთან ასოცირდება. ამ ხელოვნების სპორტული სახესხვაობა, რომელიც სხეულის სიჯანსაღეს ემსახურება და ესთეტიკურ მიზნებს ისახავს, ძალიან განსხვავდება ძველი, ტრადიციული საბრძოლო ტექნიკისგან. ცნობილია საბრძოლო ხელოვნების დაახლოებით 2000 სტილი. კორეის, იაპონიისა და ინდოჩინეთის ქვეყნების თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნება, როგორიცაა ჯიუ-ჯიცუ, კარატე, ტაე-კვონდო და სხვა, ჩინური უშუს საფუძველზე აღმოცენდა. მან გავლენა მოახდინა აგრეთვე მალაიზიის, ინდონეზიისა და ფილიპინების ცალკეულ საბრძოლო ხელოვნებათა ჩამოყალიბებაზე.

   კუნგ ფუს თითქმის ყველა ტრადიციული სტილი შეიცავს ბრძოლის ოთხ დონეს: ტი – ფეხის მოძრაობის ტექნიკა, და – დარტყმები, შუეი – სხვადასხვა გდება, ჭიდაობის ტექნიკა, ნა – ბლოკირებისა და შებოჭვის ტექნიკა. არსებობს კუნგ ფუს ორი ძირითადი მიმართულება: ბუდისტური (უკავშირდება შაოლინის მონასტრის ტრადიციას) და დაოისტური (დაკავშირებულია ვუ დანისა და ემეის ცენტრებთან). არის სხვაგვარი კლასიფიკაციაც, რომელიც განასხვავებს ნეიჯიას “შინაგან” სტილს ველიჯიას “გარეგანი” სტილისგან. ნეიჯია გულისხმობს ბიომექანიკის, სუნთქვის კონტროლისა და შინაგანი ენერგიის, ანუ “ცი”-ს ცირკულაციის პრინციპების სიღრმისეულ ცოდნას, რომლის საფუძველზეც კუნგ ფუს მიმდევარი მხოლოდ მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ, მოწიფულ ასაკში იძენს განსაკუთრებულ საბრძოლო უნარ-თვისებებს. გარეგანი სტილი გულისხმობს სხეულის ვარჯიშს, ძალის, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება-დახვეწას, რისი მიღწევაც შედარებით ახალგაზრდულ ასაკშიც შეიძლება.
Real Shaolin   ჩინური საბრძოლო ხელოვნების ისტორია იწყება ძვ.წ. 2600 წლიდან, როცა იმპერატორმა ჰუანგ დიმ სამხედრო წვრთნის ეფექტური მეთოდების შემუშავება ბრძანა. ძვ.წ. VI საუკუნეში ცნობილი იყო საბრძოლო ხელოვნების სამი ტექნიკა: შანგ პუ, შუეი გო, შოუ პუ. 525 წელს ჩინეთში იმპერატორ უ-დის მიწვევით ინდოეთიდან ჩავიდა სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი პატარა სამეფოს უფლისწული, ბუდისტი ბერი ბოდჰიდჰარმა (ჩინელები მას და მოს უწოდებენ). მაგრამ ჰუანგ დის არ მოეწონა მისი სწავლება (იგი მაჰაიანას სკოლას ეკუთვნოდა). მაშინ ბოდჰიდჰარმამ დატოვა საიმპერატორო კარი და ჰენანის პროვინციაში, შაოლინის მონასტერში დასახლდა (ააგეს V საუკუნის ბოლოს). მან სათავე დაუდო ბუდიზმის ჩინურ ვარიანტს _ ჩენ (იაპონ. ძენ) ბუდიზმს, რომელიც სულიერი სრულყოფის მისაღწევად მედიტაციის პრაქტიკას იყენებს. მონასტერში მცხოვრები ბერები ფიზიკურად იმდენად სუსტნი იყვნენ, რომ სულიერი სრულყოფის მკაცრ სისტემას ვერ მისდევდნენ. ამიტომ ბოდჰიდჰარმა განმარტოვდა და ცხრა წლის განმავლობაში ფიქრობდა ამ პრობლემაზე, შემდეგ კი დაწერა ორი ტრაქტატი: “იცზინ-ცზინი” (“წიგნი კუნთებისა და ძარღვების გარდაქმნის შესახებ”) და “სისუი-ცზინი” (“წიგნი ძვლის ტვინისა და თავის ტვინის განწმენდის შესახებ”). მანვე შეიმუშავა სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი. აღმოჩნდა, რომ ვარჯიში არა მარტო კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ბერების ჯანმრთელობაზე, არამედ ძალასაც მატებდა მათ. ვარჯიშების კომპლესის შერწყმა ხელჩართული ბრძოლის ილეთებთან წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩინური საბრძოლო ხელოვნების განვითარების გზაზე. ინდივიდუალური ბრძოლის ტექნიკა გაცილებით უფრო ეფექტური გახდა. ბერებს სჭირდებოდათ ხელჩართული ბრძოლის ილეთების ცოდნა თავდაცვის მიზნით, რათა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ფეხით მიმოსვლისას წინააღმდეგობა გაეწიათ მომრავლებული ყაჩაღებისთვის, დაეცვათ შაოლინის მდიდარი მონასტერი მძარცველებისგან. VII საუკუნეში იმპერატორმა ლი შიმინმა მონასტერს ოფიციალურად მიანიჭა უფლება, ჰქონოდა საბრძოლო ხელოვნების სკოლა და ჰყოლოდა საკუთარი “არმია”. შაოლინის მონასტერი იქცა ცენტრად, სადაც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა საბრძოლო ხელოვნება. XVII საუკუნეში მანჯურიელებმა, რომლებმაც ჩინეთი დაიპყრეს, საბრძოლო ხელოვნებათა სწავლება აკრძალეს (ეს აკრძალვა 1644-იდან 1911 წლამდე მოქმედებდა). საბრძოლო ტექნიკის შესახებ დაგროვილი ცოდნის გადასარჩენად ბერებმა იგი საერო პირებს გადასცეს, თვით მონასტერში კი მას საიდუმლოდ ინახავდნენ. II მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტებმა შაოლინის მონასტერში საბრძოლო ხელოვნების სწავლება აკრძალეს. მოგვიანებით კუნგ ფუს სწავლება დაიწყო ათლეტიკის ეროვნულ ინსტიტუტში, მაგრამ იქ იგი, ფაქტობრივად, მხატვრული ტანვარჯიშისა თუ აკრობატიკის დონემდე იყო დაყვანილი _ კომუნისტ მმართველებს ეშინოდათ, რომ საბრძოლო ხელოვნებას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ (ასეთი დამოკიდებულება XX საუკუნის 80-იან წლებამდე არ შეცვლილა). შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უშუ ოლიმპიურ სახეობად ექცია და დაიწყო ზრუნვა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების აღორძინებაზე. შექმნეს “საბრძოლო ხელოვნების კვლევის ორგანიზაცია”. ჩინური საბრძოლო ხელოვნების ტრადიციები შედარებით უკეთ იყო შენარჩუნებული ტაივანზე. დასავლეთში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ცნობილი ოსტატისა და კონომსახიობის, ბრიუს ლის მიერ ვინჩუნის სტილის საფუძველზე შექმნილმა და მოდიფიცირებულმა კუნგ ფუმ.

ბადრი ნოზაძე

შეფასება
(3 შეფასებები)
Admin

დაგვიკავშირდით აჭარაში ვარჯიშებისთვის!

ვებსაიტი: www.mywebsite.ge
კომეტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია "სეოკ"-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

პოპულარული სტატიები

კუნგ ფუ

კუნგ ფუ

25 თებერვალი 2015
ჩვენი ისტორიიდან

ჩვენი ისტორიიდან...

28 თებერვალი 2014

ახალი სტატიები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები