შაოლინის დღიური

კატეგორია: შაოლინი გადასვლები: 7030


   2006 წლის სექტემბერში ჩინეთში ჩატარდა კუნგ–ფუს ოსტატთა საერთაშორისო შეჯიბრი სახელწოდებით K-STAR, რომელიც ფართოდ შუქდებოდა ტელევიზიით და ემსახურებოდა სპორტის ამ სახოების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. საქართველოდან ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ გიორგი ვერულიძე, როგორც მწვრთნელი და გიგა კუხიანიძე, როგორც მონაწილე. ეს ჩანაწერები მოგვითხრობენ გიორგი ვერულიძის შთაბეჭდილებებზე ამ საერთაშორისო პროექტის მიმდინარეობის დროს.
   ჩავფრინდით ჰონკონგში, აღფრთოვანებული დავრჩით აეროპორტის ხილვით, რომლის შენობაც სიდიდით

მეექვსეა მსოფლიოში. აეროპორტში დაგხვდა მძღოლი, სახელად იან ვეი, რომელსაც ხელში K-STAR პლაკატი ეჭირა და ამით მივხვდით, რომ ჩვენ გველოდებოდა. გავიარეთ სასაზღვრო კონტროლი და შევედით შენჯენში. ცოტა რამ შენჯენის პროექტის შესახებ: ეს არის "პატარა" ქალაქი, რომელშიც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ულამაზესი არქიტექტურით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. იგი დაარსდა 1977 წელს და ზრდის ტემპებით არ ჩამოუვარდება ისეთ მეგაპოლისებს, როგორიცაა პეკინი ან შანხაი. ამას განაპირობებს და ხელს უწყობს ჰონკონგთან სიახლოვე.
   შენჯენ TV ეწოდება ადგილობრივი ტელეკომპანიის 40 სართულიან შენობას. ამ ტელეკომპანიას აქვს 9 არხი და ჰყავს 300 მილიონი მაყურებელი. ინფორმაციისთვის, სწორედ ეს კომპანია ყოველწლიურად ატარებდა K-STAR –ის შეჯიბრს ჩინეთის მასშტაბით, სადაც აუცილებელია უშუს ტექნიკის ცოდნა და ასევე სიმღერის ან ცეკვის ნიჭის დემონსტრირება არტისტიზმის საჩვენებლად. 2006 წლის თებერვალში შენჯენ TV–მ და შაოლინის მონასტერმა დადეს ხელშეკრულება K-STAR პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნდა მოეძიებიათ უშუს და კუნგ-ფუს პერსპექტიული სპორტსმენები. ეს იყო პირველი ასეთი სახის შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველმა მონაწილეებმა შერჩევა გაიარეს იტალიის ქალაქ პერუჯაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 32 სპორტსმენი. აქედან შეირჩა 8, რომელთა სიაში მოხვდნენ გიგა კუხიანიძე და ტატო ტუღუში. ჟიურის გაუჭირდა ამ ორიდან ერთ–ერთის შერჩევა, ამიტომ ისინი ერთმანეთს შეახვედრეს კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში, რომელშიც გიგამ იმარჯვა და დამტკიცდა კიდეც ამ პროექტისთვის. შესარჩევი შეჯიბრები ასევე ჩატარდა აშშ–ში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და ავსტრალიაში. აქედან შეირჩა 18 მონაწილე, რომელსაც დაემატა 18 სპორტსმენი ჩინეთიდან.
   ქართველები პირველნი ჩავედით შენჯენში. დაგვაბინავეს სასტუმროში. მეორე დღეს შემთხვევით ქუჩაში შევხვდით იტალიელებს, ფაბიოს და ალექსის. ძველი მეგობრებივით მოვიკითხეთ ერთმანეთი. ამასობაში ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც და ყველანი მიგვიწვიეს ადგილობრივ ტელეკომპანიაში. მცირე კურიოზიც მოხდა: ჩვენ და რუსებს თარჯიმანი არ გვერგო, ამიტომ სადაც წავიდოდა მთელი ჯგუფი, ჩვენც მივყვებოდით. გასაუბრების შემდეგ გაიმართა სადილი, რომლის დროსაც წარმოგვიდგნენ ამ პროექტის ორგანიზატორები.
Giorgi _Giga   როგორც იქნა, გამოინახა თარჯიმანი და საინფორმაციო ვაკუუმიც ასე თუ ისე მოიხსნა. თუმცა, თარჯიმანი ძლივს ლაპარაკობდა რუსულად, უფრო მეტს მგონი ჩვენ ვასწავლიდით. ალბათ, პრაქტიკას გადიოდა ჩვენთან. ცოტა ხანში გაირკვა, რომ 31 აგვისტოს უნდა გავფრენილიყავით შაოლინში. ვიყიდე ერთ–ერთი ჩინური მობილური ოპერატორის სიმ–ბარათი და მაშინვე დავუკავშირდი ჩემებს.
31 აგვისტოს, გამგზავრების დღეს, მე და გიგა დილის 6 საათზე ავდექით და სასტუმროს წინ პატარა სკვერში ვივარჯიშეთ. გიგა გულმოდგინედ ემზადებოდა შაოლინში გამოსვლისთვის, რათა თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა, მე კი ციგუნის სუნთქვითი ვარჯიშები შევასრულე. ალბათ ჩინეთის ჰაერმა იმოქმედა, ერთი წუთის შემდეგ მთლიანად ოფლით დაცვარული ვიყავი. დილის 10 სთ–ზე გადაგვიყვანეს ტელევიზიის შენობაში და ჩატარდა დიდი პრესკონფერენცია. საუბრობდნენ ჩინურად და ინგლისურად, შიგადაშიგ ჩვენი თარჯიმანიც რაღაცას თარგმნიდა. შემდეგ ყველა მონაწილეს გადაუღეს სურათები პლაკატებისთვის, სადაც ის დგომში, ე.წ. სტოიკაში უნდა ყოფილიყო. თანაც თითოეულ მათგანს კამერის წინ უნდა გვეთქვა შემდეგი ფრაზები: "ვუო კუნ–ფუ ჯი სინ" (მე ვარ კუნ–ფუს ვარსკვლავი) და "ვუ აი ჯუნგო კუნ–ფუ" (მე მიყვარს ჩინური კუნ–ფუ).
   საღამოს 6 საათზე გავფრინდით ჩენჯოუში, იქიდან კი ავტობუსით გავემგზავრეთ შაოლინისკენ. მგზავრობა 6 საათს გაგრძელდა, ბოლოს მივედით სასტუმრო zen-ში, რომელიც შაოლინის მონასტრიდან 500 მეტრში მდებარეობს, სადაც ვივახშმეთ და გავნაწილდით ჩვენს მიერვე არჩეულ ნომრებში.
   დაგვირიგეს 5 ფორმა, 2 გამოსვლისთვის და 3 სავარჯიშო. მკაცრი დისციპლინა იყო: იკრძალებოდა დაუკითხავად ტერიტორიის დატოვება, სპირტიანი სასმელების მიღება, მონაწილეებს პატივი უნდა გვეცა ერთმანეთისთვის, უნდა შეგვესრულებინა რეჟისორების მოთხოვნები, უნდა ვყოფილიყავი მუდმივად ფორმაშ, რომელზეც დატანებული იყო ლოგო და წარწერა K-STAR, ამასთან არ შეიძლებოდა უცხო პირებთან სურათის გადაღება ამ ფორმით.
   მაგრამ ჩვენ აბა რის ქართველები ვიქნებოდით, რომ შაოლინში ჩასვლა არ აღგვენიშნა. წაღებული გვქონდა გარკვეული რაოდენობის წითელი ღვინო, საფერავი და დავპატიჟეთ კიდეც რუსები, ალექსი და კოლია, რომლებიც მეზობელ ნომრებში ცხოვრობდნენ. 2–2 ჭიქის მირთმევის შემდეგ დაღლილობის შეგრძნებაც გაქრა... მეორე დღეს, 1-ლ სექტემბერს დაიწყო ვარჯიშები. სიტყვები არ მეყოფა იმ განცდის გადმოსაცემად, რასაც ამ ადგილას შეიგრძნობ. ეს უნდა ნახო შენი თვალით.
   1–9 სექტემბერი. ყოველდღიური დამქანცველი ვარჯიში, ჯერ შაოლინის მონასტერში და შემდეგ სასტუმროს საკონცერტო დარბაზში შოუს მომზადება. ძალზე შრომატევადი სამუშაო იყო რეჟისორებისთვისაც და სპორტსმენებისთვისაც. ვიძინებდით ღამის 12 საათზე, სასიამოვნოდ დაღლილები.
   2 სექტემბერი. გავიცანით მონასტრის ბერები. 2–2 მონაწილე ჩააბარეს ერთ ბერს სავარჯიშოდ. მონაწილეებმა აჩვენეს თავიანთი ტექნიკა.
7   3 სექტემბერი. დილის 4 საათზე ავდექით. წავედით შაოლინში, დავიწყეთ ჯოხის ხმარების შესწავლა გამოსვლებისთვის. საუზმის შემდეგ ისევ მონასტერში ავედით, სადაც შედგა შეხვედრა ცნობილ რეჟისორთან ენგ ლისთან, რომელსაც გადაღებული აქვს ოსკაროსანი ფილმი "მონადირე ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი". მოვისმინეთ მუსიკა ფილმისთვის, რომელიც ეკუთვნის ძენ–ს. შემდეგ მონაწილეები წაიყვანეს "პაგოდების ტყეში" და გადაუღეს სურათები. აქ მდებარეობს შაოლინის ბერების საძვალეები.
4 სექტემბერი. მონაწილეებს ასწავლიდნენ ე.წ. "ზახვატებიდან" ხელის გათავისუფლებას. ცინნას ტექნიკას, შემდეგ ორმა ბერმა, რომლებიც ძმები იყვნენ, აჩვენა ხისტი ციგუნი, პარალელურად მიმდინარეობდა ვარჯიშები ტაოხუნ ჩუენ სტილში.
   საღამოს, რეჟისორებმა დადგეს უნიკალური შოუ: ცალ–ცალკე ვარჯიშების შემდეგ ყველა ჯგუფი შეიკრა ერთ ჯაჭვად, რამაც შექმნა საინტერესო სანახაობა, რომელიც ჩვენს თვალწინ იშვა. ეს ყველაფერი მუსიკის ფონზეა. (ვიდეოს ფრაგმენტები აქ)
5 სექტემბერი. წავედით გეოპარკში, რომელიც მთებში მდებარეობს, ვნახეთ ლამაზი ჩანჩქერი და სურათებიც გადავიღეთ. თითოეულ მონაწილეს ამ ჩანჩქერის ფონზე გადაუღეს სურთები და ვიდეო. თანაც სავალდებულო იყო კლდის პატარა მონაკვეთზე ტაოს მოძრაობების გაკეთება. იმედია, ხეზე ამძვრალებს მაინც არ მოგვთხოვენ ტაოს გაკეთებას... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
შემდეგ ვესტუმრეთ კონფუციანურ ტაძარს. იქაც მიმდინარეობდა გადაღებები სატელევიზიო რეკლამისთვის.
   6 სექტემბერი. დაღლილობამ იჩინა თავი. გიგა ძალიან დაიქანცა, თან სიცხეც აქვს. ყველა სპორტსმენი დაქანცულია. გერმანელმა მუხლი ამოიგდო ერთ–ერთი ვარჯიშის დროს, მაგრამ შაოლინის ბერებმა განკურნეს. ბევრი მონაწილე ახველებს. შენჯენში 40 გრადუს სიცხეს შეჩვეულებს, მთის ჰაერთან აკლიმატიზაცია გაუჭირდათ.
   დილით გავემგზავრეთ ქალაქ ლოიანში, რომელიც საინტერესო ისტორიის პატრონია. ქალაქში ჩვენთან ერთად იყო 18 ბერი, რაც სომბოლურია, რადგან ლეგენდის თანახმად, 18–მა ბერმა იხსნა სიკვდილისგან ერთ–ერთი იმპერატორი. ეს ქალაქი ძალიან ჰგავს ჩვენებურ ვარძიას, ოღონდ აქ ბუდას დიდი ქანდაკებებია. მდინარის მეორე მხარიდან კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოჩნდა ეს ქანდაკებები.
   აქაც მონაწილეებმა შეასრულეს ტაოს ვარჯიშები, ასევე ჩამოგვართვეს ინტერვიუები.
7 სექტემბერი. საღამოს შეჯიბრია. დილით გვქონდა მოთელვა მუსიკის ფონზე, შემდეგ ავედით მონასტერში სავარჯიშოდ. 3 სთ–თვის დავბრუნდით სასტუმროში, ვისადილეთ და სპორტსმენებმა ნელ–ნელა დაიწყეს მზადება საღამოს გამოსვლისთვის. უნდა აჩვენონ 2 კომპლექსი, იარაღით და უიარაღოდ, შემდეგ კი იქნება დადგმული შოუ. ჟიურიში იყო ბევრი ოსტატი, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა მხრიდან იყო ჩამოსული. გიგას 39 აქვს სიცხე, მაგრამ უკან არ იხევს, მაინც გამოვალ, მაგისთვის ჩამოვედი ამ სიშორეზეო.
8 სექტემბერი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გიგა გამოვიდა, ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩი მისი გამოსვლით, რადგან ნახტომზე ფეხი დაუცდა. გამოსვლის დროს ყურები წიოდაო, ასე მითხრა, თან ნერვიულობდა, ძალიან რთულია, როცა 16 გამოცდილი ოსტატი გიყურებს და აფასებს შენს ყველა მოძრაობას.
   9 სექტემბერი. დილით წავედით სავარჯიშოდ და დავიწყეთ მზადება ფინალური გამოსვლისთვის, რომელიც შაოლინის წინ უნდა გაიმართოს. გაკეთდა სპეციალური მოედანი. პროგრამით გათვალისწინებული იყო ჯეკი ჩანის და ჯეტ ლის ჩამოსვლა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს არ შედგა.
   ავედით შაოლინში და ვნახეთ, რომ იქაურობა გადაჭედილი იყო ჟურნალისტებით, სპორტსმენებით, ბერებით (1000 სპორტსმენი მაინც იქნებოდა). მოკლედ, შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გავხდით. ერთი კურიოზიც შეგვემთხვა. დროშები იყო აღმართული, იმ ქვეყნებისა, რომლებიდანაც იყვნენ სპორტსმენები, მაგრამ ჩვენი დროშა ძველი აღმოჩნდა. მაშინვე შევატყობინე ორგანიზატორებს და ავუხსენი, რომ საქართველოს ახლა სხვა დროშა აქვს, მათაც ოპერატიულად შეცვალეს იგი.
   შაოლინიდან მოვიდნენ ჩვენი სპორტსმენები. ყველაფერი გადავიღე და ადგილობრივმა ტელევიზიამაც მოგვცა DVD დისკები. გამოვლინდა 9 საუკეთესო მონაწილე. გიგა მათ შორის ვერ მოხვდა, მაგრამ იმედი მაქვს. შემდეგ ტურზე გაგვიმართლებს. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ეთერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიცემოდა. მონაწილეები დაპატიჟა პეკინის ტელევიზია CCTV-მ გამოსვლების საჩვენებლად.
   გაიარა ემოციებით დატვირთულმა დღე, და დავიწყეთ მზადება გასამგზავრებლად. საღამოს დავტოვეთ შაოლინი და ჩავედით ჩენჯოუს რკინიგზის სადგურში. მივდივართ ხუნანის პროვინციაში II ტურის გასავლელად. ჩავალთ ქალაქ ჩაშოში და იქიდან გავაგრძელებთ მოგზაურობას.
   10 სექტემბერი. მატარებლიდან გადავჯექით ავტობუსებში გავემართეთ დანიშნულების ადგილისკენ. 8 საათი ვიმგზავრეთ. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, თან მძღოლებს გზა შეეშალათ კიდეც... ირგვლივ ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა. ადგილზე ჩავედით საღამოს 10:30 წუთზე. ჩვენთვის განკუთვნილი სასტუმრო გარედან მშვენივრად გამოიყურება. გაგვანაწილეს ნომრებში, მე და გიგას 3–კაციან ნომერი შეგვხვდა.
GIA DA PATARA MANAXI DZU SUNI   11 სექტემბერი. ავდექით დილის 8 საათზე. ოთახის ფანჯრიდან მოსჩანს სალი კლდე, პირდაპი მის წინ მდებარეობს ჩვენი სასტუმრო. თავად სოფელი საკმაოდ პატარაა, აქაურობა ჰგავს აჭარის კუთხეს. ხარობენ მანდარინები, სხვა ციტრუსოვანი მცენარეები და ჩაი. ამბობდნენ, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა უარყოფითად ეკიდება უცხოელებს, ამიტომ პოლიციის დაცვა დაგვყვებოდა. მაგრამ ჩვენ, სიმართლე რომ ვთქვათ, მოსახლეობის უხეშობა არ შეგვიმჩნევია, პირიქით.
   ამ სოფელში ტარდება კონკურსის მეორე ეტაპი. პირველ ეტაპზე, შაოლინში, აირჩა 9 სპორტსმენი, მაგრამ გიგა ვერ მოხვდა მათ შორის, ამიტომ ახლა გაცხოველებით ვარჯიშობს და ყველა ელემენტს დიდი მონდომებით ასრულებს. ერთი სიტყვით, იმედიანადაა განწყობილი. შეჯიბრი ტარდება 27 მონაწილეს შორის. ჩატარების ადგილია ტბა. პირდაპირ წყლის ზედაპირზე გაკეთდა სცენა, რომელიც ეყრდნობა დიდ ტივტივა კასრებს. სცენაზე შესასვლელი წარმოადგენდა გრძელ კიბეებს, რომელიც სოფლის ნავსადგურია სინამდვილეში. აქედან გადიან ნავები სხვადასხვა სოფლების მიმართულებით.
   სადილის შემდეგ რეჟისორებმა შეატყობინეს სპორტსმენებს, მომავალი შეჯიბრი რა განრიგით ჩატარდებოდა, ანუ რომელიმე სტილის ჩვენების შემდეგ რომელი სიმღერა, ცეკვა ან ციგუნი უნდა შესრულებულიყო. გიგამ ციგუნი აირჩია (ჯოხების გადამტვრევა). თავის შესაძლებლობებს ჩვენი სპორტსმენი თანდატანობით ამჟღავნებდა. მისგან სიურპრიზი რეჟისორებს ცოტა მოგვიანებით ელოდათ.
   5 საათისთვის მონაწილეები ნავებით წაიყვანეს შეჯიბრზე.
   12 სექტემბერი. დილით გამოგვიცხადეს, რომ სპორტსმენებმა უნდა ჩაიცვან ყვითელი ფორმები, რათა ჩაის საკრეფად წასულიყვნენ. ჩინეთში ჩაის და მისი კრეფის კულტურას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყოველი მონაწილე დააწყვილეს თითო–თითო ადგილობრივ გოგონასთან და ასწავლიდნენ უმაღლესი ხარისხის ჩაის კრეფას. ჟურნალისტები ცალკე ავტობუსით მუდამ თან დაგვყვებოდნენ. ეს საჭირო იყო რეკლამისთვის. შემდეგ გვაჩვენეს ჩაის დაყენების ცერემონია, რომელიც ნახევარი საათი გაგრძელდა. ეს ჩაი ყველამ გავსინჯეთ, ერთობ მაგარი ჩაი გამოდგა. გადავიღეთ ფოტოები და დაგვირიგეს ბარათები სამახსოვრო წარწერებით.
   სადილის შემდეგ გავემართეთ ზემოხსენებულ ტბაზე აგებული სცენისკენ. მონაწილეებმა ჩაატარეს ქოლგების შოუ. შემდეგ დაიწყო ფიჭვის ჯოხების გადამტვრევის შეჯიბრი. გიგას ეჭვი შეეპარა საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ შეეძლო. თუმცა, სანამ მე თავად არ გავტეხე ერთი ჯოხი ფეხით, მანამდე ვერ გაბედა, მერე კი მიჰყვა და ამტვრია და ამტვრია ჯოხები ხელზე, ფეხზე, ზურგზე. ძლივს მოვასწარი ერთი ჯოხის გადამალვა. 40–გრადუსიანი სიცხე იდგა, ტბის წყალი ძალიან თბილი იყო, ამიტომაც მონაწილეები ძალიან დაიქანცნენ. ღამის 1 საათამდე გაგრძელდა ყველაფერი. მაგრამ ვუყურებდით რა ჩინელების შრომისმოყვარეობას, ჩვენც გადაგვედო მათი შემართება და თითქოს ძალა შეემატათ სპორტსმენებს.
   გვიან საღამოს რუსეთის დელეგაციას ერთი წევრი დაემატა, რომელიც შაოლინის პროექტის ხელმძღვანელმა ჯეიმს ტიენმა ჩამოიყვანა. გაგვაღვიძეს ღამის 2 საათზე, რადგან ჯეიმსი ჩვენს ნომერში უნდა მოთავსებულიყო. იგი თარჯიმანთან ერთად შემოვიდა და ღამის 4 საათამდე გველაპარაკა. საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვა და დაგვპირდა, რომ ბერებსაც ჩამოიყვანდა, მაგრამ გვითხრა, რომ ამისთვის სპონსორის მოძიება იქნებოდა საჭირო. შემომთავაზა აგრეთვე შაოლინში ტურისტული ჯგუფების ჩაყვანა და ა.შ.
   13 სექტემბერი. ისევ დილიდან მზადება შოუსთვის, ხვალ შედგება მონაწილეების არჩევა ფინალისთვის. 27 სპორტსმენიდან დატოვებენ 9–ს, 9–დან კი 4–ს და კიდევ 2–ს დაამატებენ მაყურებლის სიმპათიის მიხედვით, მიღებული სმს–ბით. ესე იგი, წინა 9 ფინალისტის ჩათვლით სულ იქნება 15 კაცი და 3–ს დაამატებენ უშუალოდ შენჯენში, სადაც გაიმართება კიდეც ფინალური შეხვედრა 18 სპორტსმენს შორის.
   შუადღისას დავისვენეთ და ტელევიზორში ვუყურეთ ნავებით შეჯიბრს, ასევე ჩაის სმის ცერემონიას. ბიჭებს ძალიან ხშირად აჩვენებენ ტელევიზიით და საკმაოდ ვრცელი რეპორტაჯები ეთმობათ. ასევე იყო შაოლინშიც.
11   14 სექტემბერი. ავდექით დილით და ვისაუზმეთ. ძალიან ვნერვიულობ, გიგას ვამხნევებ. 11 სთ–ზე გვაქვს გამოსვლა. 10 სთ–ზე მოკლე რეპეტიაცია შედგა. იქაურობა უკვე ხალხით გაივსო. კულისების მოვალეობას ასრულებდნენ პატარა ნავები, რომლებიც წითელი ტენტით იყვნენ გადახურული. პირველ გამოვლაზე გიგამ ჩანცუანი შეასრულა, ბევრად უკეთესად, ვიდრე შაოლონში. ჩაცმულობაც ეფექტური ჰქონდა. თეთრი მაისური ეცვა, ლურჯი დრაკონით გაწყობილი (ჩაცმულობასაც ექცევა ყურადღება). მეორე ტური იყო ცეკვის, სიმღერის და ციგუნის. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი გამოსვლა. ჩვენთან ერთად გამოდიოდა ერთი ჩინელი, რომელმაც კისრით შუბი გაღუნა და ზურგზე სამი აგური გადაამტვრიეს. მერე ჩვენ გავედით და მე გიგას ის ერთი დარჩენილი ჯოხი გადავამტვრიე ხელზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
    დაიწყო მტანჯველი წუთები. გაამწკრივეს 27 სპორტსმენი, დაიწყო ფინალისტების გამოცხადება. როცა 8 მათგანის სახელი გამოცხადდა, მე უკვე იმედი გადამეწურა და უცებ მე–9 გამოცხადდა გიგას ნომერი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. 9–დან 4 კაცი უნდა არჩეულიყო.
   არჩევა ხდებოდა ასე: ფიცარნაგზე დადეს 9 დაფა, რომელზეც 9 სახის სტილი ან იარაღი იყო განთავსებული. მონაწილე ვერ ხედავდა, რა ეწერა დაფებზე, ჩამოხსნიდა ერთ–ერთ მათგანს და მიაწოდებდა ორგანიზატორთა წარმომადგენელს. ის აცხადებდა, რა სტილი ამოვიდა და მონაწილე ასრულებდა. ესე იგი, სპოტრსმენებს ყველა სტილი უნდა სცოდნოდათ, რაც დაფებზე იყო განლაგებული. ესენი იყო შაოლინცუანი, ტაო ხუნ, ჩანცუანი, ცუანი, ნანცუანი, ხმალი, მახვილი, შუბი, ჯოხი, ჯაჭვი.
   ჩვენთვის მთავარი იყო, შაოლინცუანი, ჯაჭვი და შუბი არ შეგვხვედროდა, დანარჩენი კი ყველაფერი იცოდა. გიგა მე–4 გავიდა და შეხვდა ნანცუანი. ძალიან გაგვიხარდა, ესეც გამართლებაა. გიგამ კარგად შეასრულა თავისი ვარჯიში.
დასრულდა გამოსვლები და დადგა 4 ფინალისტის არჩევის დრო. გამოიძახეს 1–ლი, მე–2, მე–3 და... ისევ 28, გიგას ნომერი. ემოციებს ვერ ვმალავდით. შემდეგ დამატებით აირჩა კიდევ ორი მონაწილე, ჩინელი და ამერიკელი.
   საღამოს დიდი ბანკეტი მოვაწყვეთ, ყველა მონაწილემ საკმაოდ ბევრი დალია, ჩვენც, ოფროსებმაც მივეცით თავს ამის უფლება. ბევრი სამახსოვრო სურათი გადავიღეთ.
   15 სექტემბერი. დილით ვისაუზმეთ და გადმოვფრინდით შენჯენში. მოვეწყვეთ სასტუმროში. შენჯენი უკვე მშობლიურ ქალაქდ გვეჩვენება.
   16 სექტემბერი. 12 სთ–ზე მთელი ჯგუფი გავემართეთ ადგილობრივი მაღაზიების "დასალაშქრად". ბევრი სუვენირი ვიყიდე ჩემთვის, გიგასთვის კი ტანსაცმელი. ეს დღე დასვენების დღე იყო ჩვენთვის.
   17 სექტემბერი. შუდღისას გვითხრეს, რომ წაგვიყვანდნენ პარკში, სადა ეწყობოდა სხვადასხვა სახის შოუები. მთელი დღე ამ პარკში და ატრაქციონების გარემოცვაში გავატარეთ, აქვე გასადილეს, ერთი სიტყვით, ისევ განტვირთვის დრე გვქონდა. საღამოს კი ვნახეთ "ცეცხლოვანი შოუ" და "პეპლების შოუ", რომლებსაც ჩინელი მსახიობები ასრულებდნენ. განცვიფრებული დავრჩით სილამაზით. გადაღების საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ შვიძინეთ დვდ დისკები, სადაც ეს შოუ იყო აღბეჭდილი.
   18 სექტემბერი. რეჟისორებმა გამოგვიცხადეს, რომ მონაწილეებისთვის მზადდებოდა კონტრაქტები 6 წლით. ახალი "კუნგ–ფუს ვარსკვლავები" უნდა გამოეზარდათ. პეკინის CCTV–მ მიიწვია მთელი გუნდი. 25 სექტემბერს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა მთელს მსოფლიოში.
   19–20 სექტემბერი. მზადება პეკინში გასამგზავრებლად. 20–ში, საუზმის შემდეგ მონაწილეები მიიწვიეს პეპსის სარეკლამო აქციაში გადასაღებად.
   20 სექტემბერი. გამოგვიცხადეს, რომ მონაწილეები პეპსის რეკლამაში უნდა გადაეღოთ. მიგვიწვიეს მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში, სადაც კორპუსებზე დამაგრებული იყო დიდი მონიტორები, ხოლო მაღაზიის წინ გაშლილ სცენაზე დაიდგმებოდა გამოსვლები. მართლაც, გამოვიდნენ მონაწილეები და ყველა მათგანმა აჩვენა თავისი სტილი, ზოგმა იმღერა კიდეც. შემდეგ ჩატარდა თამაშები, ერთ–ერთი მათგანი იყო საკმაოდ კურიოზული: პეპსი უნდა დაელიათ საწოვარიანი ბოთლიდან. საკმაოდ სასაცილო სანახავი იყო მონაწილეების წვალება... ერთობ გავერთეთ, მერე დაგვირიგეს მაისურები და ბურთები ბექჰემის და სხვა ცნობილი ფეხბურთელების ავტოგრაფებით. დავბრუნდით სასტუმროში და დავიწყეთ მზადება პეკინისთვის.
   21 სექტემბერი. დილით 8 საათზე ავდექით და გავემგზავრეთ აეროპორტში, გადავფრინდით პეკინში და დაგვაბინავეს ერთ–ერთ იქაურ სასტუმროში.
shaolinis gen.direqt. gia verulidze tv shenjenis prezidenti   22 სექტემბერი. მთელი დღე, დილიდან მოყოლებული, ვართ ტელეკომპანია სსტვ გადასაღებ დარბაზში, საიდანაც ხდება პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე. აღსანიშნავია ის, რომ სსტვ–ს აქვს 12 არხი. ამ კომპანიას გააჩნია უზარმაზარი ბიზნესი, დაწყებული წარმოებით და დამთავრებული, რა თქმა უნდა ტელეაუდიტორიით. წარმოებაში იგულისხმება საწერი კალმები, ტანსაცმელი, რვეულები, საათები და სხვა ყოველდღიური მოხმარების საქონელი. საკუთარი სასტუმროების ქსელიც აქვს. ჩვენც CCTV–ს სასტუმროში ვიყავით განთავსებული.
   23სექტემბერი. ძალიან მინდოდა ჩინეთის დიდი კედლის მონახულება, მაგრამ ორგანიზატორებმა განგვიცხადეს, რომ ეს მათ გეგმებში არ შედიოდა და ვისაც სურვილი ჰქონდა, გარკვეული თანხა (750 იუანი) უნდა გადაეხადა. მხოლოდ 10 კაცი აღმოჩნდა მსურველი და ეს საკმარისი არ იყო ექსკურიის გასამართად. ასე რომ, დავრჩით წაუსვლელი, შანხაიშიც ვერ წავედით, რადგან ორი საათი მაინც იყო სამგზავრო მეტროთი, ამიტომ შემოვიფარგლეთ შოპინგით, ვიყიდე სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები და დავბრუნდით სასტუმროში. საღამოს ჯეტ ლის მეგობარმა ქალბატონმა ჯენიმ დაგვპატიჟა რესტორანში რუსებთან ერთად და კარგადაც მოვილხინეთ. რეისი აეროპორტში დილის 4 საათზე იყო და იქ ერთი კურიოზი მოხდა: ერთ–ერთი რუსი მონაწილე ალექსეი პირდაპირ პეკინის აეროპორტის სალაროების წინ დაჯდა და ძილი გააგრძელა. მე ფოტო გადავუღე, მისმა თანამემამულეებმა კი ვიდეოს გადაღება დაუწყეს, მერე ქუდი დავუდევი წინ და ფული ჩავყარე (რას არ მოიფიქრებს ქართველი) სიტყვებით: ასე შოულობენ რუსები ფულს საზღვარგარეთ–თქო და მათმა ხელმძღვანელმა უცებ გამორთო ვიდეო, ეს რა გვიქენიო... მოკლედ, ბევრი ვიცინეთ ამაზე.
   24 სექტემბერი. დავბრუნდით შენჯენში და დავიწყეთ ფინალისთვის მზადება. ფინალში ერთმანეთს ეჯიბრებოდა 18 კონკურსანტი და სმს–თა რაოდენობა გადაწყვეტდა გამარჯვებულის ვინაობას. მონაწილეებს უნდა ეჩვენებინათ ტექნიკა და შემდეგ ან ემღერათ ან ეცეკვათ. გიგას მთელი კონკურსის განმავლობაში არც უმღერია და არც უცეკვია, ამიტომ რეჟისორები შიშობდნენ, ვაი თუ ვერ გაართვას თავიო, მაგრამ აქაც სიურპრიზი მოუმზადა ჩვენებურმა. ბავშვობაში გიგა ცეკვაზე დადიოდა და გაიხსენა ილეთები, ანსამბლ ერისიონის მუსიკა მოვიძიე ინტერნეტში, შავი ფერის ფორმაც შეუკერეს, ჯვრებში გაწყობილი და ფინალის წინა დგეს გენერალურ რეპეტიციაზე დარბაზში გაისმა ქართული მუსიკა, გიგაც დიდი ემოციით ცეკვავდა. უნდა გენახათ რეჟისორთა გახარებული სახეები და მათი მხურვალე ტაში. თავშეკავებულმა რუსებმაც კი ვერ დამალეს აღფრთოვანება და მომილოცეს, ეს რა სიურპრიზი მოაწყვეთო. გიგასთან ერთად გამოდიოდნენ მოცეკვავე გოგონები და მან მათ ანახა ქართული ცეკვის ზოგიერთი ილეთი, საკმაოდ კარგადაც გამოუვიდათ. აქაც იგივე პრობლემას წავაწყდით დროშასთან დაკავშირებით: საქართველოს ძველი დროშა გამოფინეს. ავუხსენი ორგანიზატორებს, რომ ჩვენს ქვეყანას ახალი დროშა აქვს, ეს პირდაპირი ეთერით გადაიცემა მთელ მსოფლიოში და მასპინძელი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება, საქართველოს დროშის არცოდნა–მეთქი. მადლობა გადამიხადეს, კიდევ კარგი, საეთაშორისო სკანდალს აგვაცილეო.
   3 ოქტომბერი. მოვიდა ფინალის დღე. ჩამოვიდნენ სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან, შაოლინის წინამძღვარი ში იუნსინიც იყო, ჟიურიში იყვნენ სხვადასხვა მსახიობები, ზოგი სცენაზე მიიწვიეს. სამწუხაროდ, გიგა ფინალში ვერ მოხვდა. პირველი ჩინეთი, მეორე ამერიკა, მესამე ისევ ჩინეთი – ასე გადანაწილდა საპრიზო ადგილები. რუსებიც დამწუხრებული იყვნენ, საპრიზო ადგილი ვერც ალექსეიმ აიღო. ერთი რამ არ შემიძლია არ აღვნიშნო. გამოგვიცხადეს, რომ მონაწილეებს სიურპრიზი ელოდათ, ჩაამწკრივეს ისინი და დიდ მონიტორზე გამოჩნდა, თუ როგორ ესალმებოდნენ მათ მშობლები თუ მეგობრები თავიანთი ქვეყნებიდან. ჩვენ დავიბენით, რადგან ვერ წარმოგვედგინა, ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოდან და უცებ გაისმა:" პრივეტ გიგა". ის უცნობი გოგონა იყო, მაგრამ დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ გარემოებამ, რომ საქართველოშიც ინტერნეტით გვიყურებდნენ. გოგონამ უთხრა გიგას, რომ საქართველო ამაყობს შენითო და ჩვენ შენი იმედი გვაქვსო. შემდეგ, რა თქმა უნდა, გაიმართა ბანკეტი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. ტიენს, დირექტორის მოადგილეს გადავეცით გიგას მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი.
   4 ოქტომბერი. დილით გვეთხრეს, რომ ჩვენი რეისი 7 ოქტომბრამდე არ იქნებოდა. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი საქართველოში, მენატრებოდა ქართული ლაპარაკის მოსმენა, არასდროს ამდენი ხნით არ გავსულვარ საქართველოდან და ოჯახიც მომენატრა. ყველა გავაცილეთ, 5 ოქტომბერს რუსებიც გაემგზავრენ. ჯენიმ შანხაიში დაგვპატიჟა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, თვითონ კი ლოს–ანჯელესში აქვს ბინა.
samaxsovro xelmocera_kungfu_staris_plakatze   7 ოქტომბერი. დადგა ჩვენი წამოსვლის დღე. მიგვიყვანეს ჰონკონგის საზღვრამდე და მოგვათავსეს მინივენში, რომელმაც წაგვიყვანა ჰონკონგის საერთაშორისო აეროპერტში.
8 ოქტომბერი. ჩავფრინდით სტამბოლში, აქ 16 საათი გვიწევდა ცდა, ამიტომ წაგვიყვანეს სასტუმროში. კიდევ ერთი კურიოზი მოხდა. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული საუბარი არ მოგვისმენია. სასტუმროდან რომ მოვდიოდით, გზად, ავტობუსში ქალბატონი ამოვიდა და მასთან ერთად თორმეტიოდე წლის გოგონა. ქალმა ბავშვს მიმართა: შვილო, უკან დაჯექი, მე აქ ჩამოვჯდებიო. უნდა გენახა ჩვენი სიხარული ქართულის გაგონებაზე. გამოვესაუბრე და მასაც გაუხარდა თანამემამულის ნახვა.
   რა შემიძლია ვთქვა ამ მოგზაურობის შემდეგ? მართალია, ფინალში ვერ გავედით, მაგრამ საქართველომ თავისი სიტყვა თქვა უშუს სამყაროში. K-STAR-ის ორგანიზატორებმაც აღნიშნეს, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში თუ იყო ეს სახეობა განვითარებული, ვერ წარმოვიდგენდითო და ამით უფრო იყვნენ ნასიამოვნები. ძალიან დიდი გამოცდილება მივიგე შაოლინში ვარჯიშით, ვინც უშუს მისდევს, ყველას ვუსურვებ ერთელ მაინც მოხვდეს შაოლინის მონასტერში. ამით ჭეშმარიტი ორთაბრძოლის გზას კიდევ უფრო შეიგრძნობენ... დღიურის დასასრული. იმედია, გაგრძელება იქნება...

 

გიორგი ვერულიძე